27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ბრძოლა პარტიული თანამდებობისთვის - როდის და რა ფორმით ჩატარდება "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები და რა განცხადებებს აკეთებენ თანაპარტიელები

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა გამართოს, რომელზეც გაირკვევა, ვინ იქნებიან თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები და როდის ჩატარდება შიდა პარტიული არჩევნები.

გავრცელებული ვერსიით, განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი და ხატია დეკანოიძე. თუმცა, თავად პარტიის ეს წევრები ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ საკუთარი კანდიდატურების დაყენებას არ აპირებენ.

"ის ადამიანები, ჩვენი პარტიის ფუნდამენტი და ჩვენი პარტიის ფესვები, ვინც გუშინ ეს ინიციატივა გაახმოვანა, მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ. უფლება არ გვაქვს ყური არ დავუგდოთ და არ გავითვალისწინოთ მათი აზრი. აქედან გამომდინარე იმასაც მივესალმები, რომ თავმჯდომარემ მიიღო ეს გამოწვევა. მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ადამიანები გამოჩნდებიან. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ამ კანდიდატურების გეგმებზე," - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.

ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შეთქმულების თეორიებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

"შეთქმულებების თეორიებში მე ნამდვილად ვერ წავალ. ყველა ლიდერი, ვისაც ფუნქცია აკისრია და პარტიიდან დელეგირება აქვს, რომ იყოს გამაერთიანებელი და არავითარ შემთხვევაში გამხლეჩავი. შესაბამისად კრიზისები ხდება ხოლმე. არჩევნებზე გვისაუბრია ხშირად, ვადებზე შეთანხმება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა პოლიტიკა საჯარო სფეროა და გამოიტანეს საჯაროდ, რასაც ფიქრობენ. მაგრამ შესაძლებელი იყო შეთანხმება, მათ შორის ვადებზეც," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები