ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსული ძალების მიერ ჰერსონის ოლქის დატოვებას ეხმაურება. ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, საინტერესოდ ეჩვენა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის არჩევნების დასრულებას დაემთხვა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ.
"საინტერესო მომეჩვენა, რომ აშშ-ის არჩევნების დასრულებას დაელოდნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიცოდით, რომ ამას გააკეთებდნენ. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მათ, რუს სამხედროებს, რეალური პრობლემები აქვთ. ეს მინიმუმ იმ დრომდე მიგვიყვანს, როდესაც ყველამ უნდა გადახედოს თავის პოზიციებს ზამთრის პერიოდისთვის და გასარკვევია, აპირებენ თუ არა ისინი კომპრომისზე წასვლას. ეს არის ის, რაც მოხდება, არ ვიცი ზუსტად რას გააკეთებენ, მაგრამ ვიცი ერთი რამ, ჩვენ ვერ ვეტყვით როგორ უნდა მოიქცნენ," - აცხადებს ჯოზეფ ბაიდენი.
მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. მისი თქმით, ჩანს, ნელ-ნელა როგორ ახერხებენ უკრაინელები რუსული ძალების უკან დახევას სამხრეთში, ჰერსონის გარშემო.
"ვნახავთ რეალურად რა მოხდება ადგილზე. რუსებმა უკან დაიხიეს, ჯერ ჩრდილოეთიდან კიევის გარშემო, შემდეგ აღმოსავლეთ ხარკოვში. რეალურად ჩვენ ნელ-ნელა ვხედავთ, თუ როგორ ახერხებენ უკრაინელები რუსული ძალების უკან დახევას სამხრეთში, ჰერსონის გარშემო. ამიტომ, გამამხნევებელია იმის დანახვა, თუ როგორ ახერხებენ მამაცი უკრაინული ძალები უკრაინის მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას. გამარჯვებები, მიღწევები, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აღწევენ, მამაც უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან, ასევე არსებითი მნიშვნელობისაა,“ - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
ჰერსონის დაკავება რუსეთმა ომის დაწყების პირველივე დღიდან მოახერხა, თუმცა რუსეთის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჯარებმა ქალაქის დატოვებისა და თავდაცვის ხაზის მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მოწყობის განკარგულება მიიღეს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე - ავტო ავარიაში დაიღუპა რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის დეფაქტო გუბერნატორი.