რუსული ძალები ჰერსონს ოლქს ტოვებენ. უკრაინის ძალები უკვე იმ სოფლებში იმყოფებიან, სადაც მანამდე მძიმე ბრძოლები იყო. ჰერსონიდან გასვლის პროცესი საოკუპაციო ძალამ გვიან ღამით დაიწყო. კადრები კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა. ოფიციალური კიევი არსებულ სიტუაციას სიფრთხილით აკვირდება. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რისკების გარეშე მოქმედებენ, რათა დანაკარგები მაქსიმალურად მცირე იყოს.
"უნდა გესმოდეთ: არავინ არსაიდან უბრალოდ არ მიდის, თუ არ გრძნობს ძალას. მტერი არ გვასაჩუქრებს, "კეთილგანწყობის ჟესტებს" არ ახორციელებს. ჩვენ ბრძოლით ვიბრუნებთ და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველ ნაბიჯს ყოველთვის მტრის წინააღმდეგობა და ჩვენი გმირების სიცოცხლის დაკარგვა მოჰყვება. ამიტომ ვმოძრაობთ ძალიან ფრთხილად, ემოციების გარეშე, ზედმეტი რისკის გარეშე. მთელი ჩვენი მიწის განთავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე და რომ დანაკარგები რაც შეიძლება მცირე იყოს. ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკას, დონეცკის და ჩვენი სხვა ქალაქების გათავისუფლებას.“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჰერსონის დაკავება რუსეთმა ომის დაწყების პირველივე დღიდან მოახერხა, თუმცა რუსეთის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჯარებმა ქალაქის დატოვებისა და თავდაცვის ხაზის მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მოწყობის განკარგულება მიიღეს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე - ავტო ავარიაში დაიღუპა რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის დეფაქტო გუბერნატორი.