ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან. CNN-ის ამჟამინდელი მონაცემებით, სენატში 100 ადგილიდან რესპუბლიკელებს 49, ხოლო დემოკრატებს 48 ადგილი აქვთ.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ნევადისა და არიზონას შტატის შედეგებს, ჯორჯიაში კი სავარაუდოდ, მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება.
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, აქ არსებული მონაცემებით 435 ადგილიდან, "რესპუბლიკელებს" 209 ხმა აქვთ, ხოლო "დემოკრატებს" კი 191, უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 218 ხმა. "დემოკრატებს", რომლებმაც საკუთარ შტატში არჩევნები მოიგეს, პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამარჯვება პირადად, ტელეფონით მიულოცა.
"გუშინდელი არჩევნები, ეს იყო კარგი დღე, დემოკრატიისთვის და ამერიკისთვის. ჩვენმა დემოკრატიამ ბოლო წლებში გამოცდა გაიარა. ამერიკელმა ხალხმა თავისი არჩევანით, თქვა და დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. ქვეყნის მასშტაბით შტატებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა იყო. ჯერ არ ვიცით ყველა შედეგი. პრესისა და ექსპერტების მიერ პროგნოზირებული გიგანტური წითელი ტალღა არ მოხდა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დაკარგული მანდატი მტკივნეულია," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.