27 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, რომ სააკაშვილის განაჩენს გრეგოროვა უწოდებს პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება ფასდება პოლიტიზირებულად. 

"დღეს გრეგოროვა გამოვიდა და ორი პრობლემა არისო, ერთი რომ სამედიცინო ამბავიაო და მეორე პოლიტიზირებულია მართლმსაჯულება სააკაშვილთან მიმართებითო. ეს ხომ სირცხვილია, ჯერ გრეგოროვამ რა იცის საქართველოში რა არის პოლიტიზირებული და რა არ არის, თავის ჩეხეთს მიხედოს, სადაც ხალხის მხარდაჭერა ვერ მოუპოვებია. ეს ერთი, მაგრამ ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, რომ სააკაშვილის ამ განაჩენს უწოდებს პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას და იგივე ეხება გვარამიას საქმესაც.

სამართლებრივ ნაწილს რაც შეეხება, სინამდვილეში რა ხდება - ამ ტელევიზიაზე იყო საუბარი, გვარამიამ იცოდა რომ რამდენიმე თვეში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეს ტელევიზია უნდა დაებრუნებინა კანონიერი მფლობელისთვის და გამოიყენა ეს დრო უკანონო მფლობელებთან ერთად იმისათვის, რომ 7 მილიონით გაეძარცვა ეს ტელევიზია. ამას ემატება ზევიდან მანქანების ეპიზოდი და ა.შ, მაგრამ მთავარი არის ეს ეპიზოდი, 7 მილიონით გაძარცვა ეს ტელევიზია, რომელიც უნდა დაებრუნებინა კანონიერი მფლობელისთვის.

ჩვენ გვყავს პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩვენი გუნდიდან, არიან მაგალითად ყოფილი მერები, ვიცე მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ა.შ, რომლებსაც ედავება პროკურატურა ზოგჯერ 20 ათასი ლარის, ზოგჯერ 200 ათასი ლარის, ან გაფლანგვას, არამიზნობრივ ხარჯვას, არასწორ ტენდერს და ა.შ, ეს ადამიანები სასჯელს იხდიან, ზოგი 3 წლით, ზოგი 6 წლით, ზოგი 8 წლით, 10-ჯერ ნაკლებ თანხებზე. ამ კაცმა მედია გაძარცვა 7 მილიონი ლარით და ვიღაც ეჭვქვეშ აყენებს იმას, ეკუთვნის თუ არა გვარამიას საპატიმრო სასჯელი," - აცხადებს კობახიძე.

დღის ამბები