ოკუპანტის ჯარი ხერსონს ტოვებს. განკარგულება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პროპაგანდისტული მედიის პირდაპირ ეთერში მას შემდეგ გასცა, რაც არმიის მეთაურის ანგარიში მოისმინა. სერგეი სუროვკინი ჯარის მომარაგებას უჩიოდა. ამ განცხადებამდე 12 საათით ადრე კი ხერსონის ყველა სამთავრობო უწყებიდან ოკუპანტი ქვეყნის დროშები ჩამოხსნეს. ეს მიუხედავად იმისა, რომ ოლქი რუსეთის ტერიტორიად თითქმის ერთი თვის წინ გამოცხადდა.
წარმატებული ოპერაციას აგრძელებს უკრაინა სამხრეთშიც. ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, განადგურებულია აგრესორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის რამდენიმე უბანი.
უკრაინის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სერიოზული დანაკარგი აქვს რუსულ არმიას ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებითაც. სადაც, ყოველდღიურად მინიმუმ 100 ოკუპანტს ანეიტრალებენ. 150-მდე გაიზარდა აგრესორის პირადი შემადგენლობის დანაკარგი ზაპოროჟიეს ოლქში. განადგურებულია 15 ერთეული სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკა.
დანაკარგი აქვს უკრაინულ მხარესაც. 1 დაღუპული და 4 დაშავებული. განადგურებულია საწარმო, კრიტიკულად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ეს დნეპრზე საოკუპაციო ძალის შეტევის შედეგია. იერიში ქალაქზე ირანული წარმოების კამიკაძე დრონებით მიიტანეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა ნიკოპოლში. ზონას აგრესორი რამდენიმე საათის განმავლობაში ე.წ "გრადით" და სხვა მძიმე შეიარაღებით უტევდა.
5-ჯერ დაიბომბა ღამის განმავლობაში სუმის ოლქი. დაშავდა 15 მშვიდობიანი. მნიშვნელოვნად დაზიანდა რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი. ნგრევაა დონეცკის ოლქშიც. რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად, აქ ერთი ადამიანი დაიღუპა.
უკვე თითქმის ერთ კვირა უკრაინაში მწვავე ენერგო კრიზისია. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - მათ შორის კიევში, ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფის სპეციალური გრაფიკი მოქმედებს. ოკუპანტების იერიშის შედეგად, განადგურებულია ქვეყნის ენერგო ინფრასტრუქტურის 40 პროცენტი.
ოკუპანტისთვის წინააღმდეგობის გაწევა უკრაინას ძვირი უჯდება. რადას ადამიანის უფლებათა კომიტეტის ინფორმაციით, 24თებერვლის ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე 8000-ზე მეტი მშვიდობიანი დაიღუპა. მათგან 430 ბავშვია. მძიმედ დაშავდა 827 არასრულწლოვანი - 260 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.