27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
7 სახელმწიფოს სპეცსამსახური, 3 ქვეყნის ტერიტორია, ჩხრეკა ათეულობით სახლში, ოფისსა და ავტომანქანაში - ქოლცენტრების საქმე ახალ მასშტაბებზე გადის

სამ ქვეყანაში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად გაშიფრულია ტრანსნაციონალური დანაშაული. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საერთაშორისო გამოძიება ევროჯასტის მხარდაჭერით და 7 ქვეყნის ჩართულობით მიმდინარეობდა. რამდენიმეთვიანი ძიების შედეგი გერმანელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა მედიას ერთობლივ ბრიფინგზე გააცნეს და დეტალურად აღწერეს, თუ როგორ ითვისებდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ევროკავშირის, მათ შორის გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ მილიონებს.

ვისთან მიდის საერთაშორისო გამოძიების კვალი და უშუალოდ ვინ ხელმძღვანელობს ქოლცენტრების დანაშაულებრივ ქსელს - გენერალურ პროკურატურაში კონკრეტული გვარები არ დაუსახელებიათ, თუმცა ითქვა, რომ განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ყადაღა დაედო, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას.

ვაკეში, "აქსის თაუერსში" მდებარე ოფისში სამართალდამცველები გუშინ შევიდნენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება იოსებ მგელაძის საკუთრებაა. სწორედ მგელაძეს ეკუთვნის შპს "თი ენდ ემ ფროფერთი", სადაც უშუალოდ იყო მოწყობილი ქოლცენტრების ქსელი.

იოსებ მგელაძე კეზერაშვილთან მეგობრობას და წარსულში მასთან ბიზნესპარტნიორობას ადასტურებს, თუმცა ქოლცენტრებთან კავშირს უარყოფს. დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე მგელაძემ თქვა რომ "აქსისთაუერში" საოფისე ფართები მის საკუთრებაშია,და კერძო კომპანიაზე აქვს გაქირავებული.

საჯარო რეესტრის მიხედვით ირკვევა რომ მგელაძე წლების განმავლობაში დავით კეზერაშვილის ოჯახის მიერ დაფუძნებული კომპანიების დირექტორი იყო, როგორც საქართველოში ისე ოფშორში. "პანამა ფეიფარსის" საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით სწორედ მგელაძე მართავდა ვირჯინიის კუნძულებზე 2009 წელს რეგისტრირებულ "სობბია ჰოლდინგ ქორფორეიშენს", რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი იყო. იოსებ მგელაძის სახელი ფიგურირებს "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" მიერ 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშიც, სადაც ის დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორადაა მოხსენიებული. მგელაძის გარდა, საერთაშორისო გამოძიება დაინტერესდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის გარემოცვის კიდევ ერთი წევრით. გავრცელებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმეზე საქართველოში დაკავებული ალბანეთის მოქალაქე ჰუსეინ სპეცსაც გარკვეული ბიზნეს ინტერესები აკავშირებს დავით კეზერაშვილის ახლო წრესთან.

ფართომასშტაბიან ოპერაციაში 300-მდე ქართველი და 60 გერმანელი სამართალდამცველი მონაწილეობდა. წარმატებული თანამშრომლობისთვის ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა გერმანელმა პროკურორმა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა საერთაშორისო გამოძიებას. მისი თქმით, ტრანსნაციონალური ოპერაციის ფარგლებში დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ლიდერების გამოსავლენად სამუშაოები გრძელდება.

ჯერჯერობით უცნობია, კიდევ ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება ქოლცენტრების ქსელში. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მტკიცებულებებს და დოკუმენტებს სწავლობს. არ არის გამორიცხული მალე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

დღის ამბები