27 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
დიდი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - წავა თუ არა ნიკა მელია 

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიის თავმჯდომარეს მოთხოვნა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან გაუგზავნეს. ირაკლი ნადირაძეს და "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონების ხელმღძღვანელებს, მეტი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე, უფრო მოქნილი და აქტიური პარტია უნდათ და გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავენ. კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, რის გამოც ნადირაძე მელიას შეცვლას ითხოვს, სააკაშვილის გასათავისუფლებლად პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის უმოქმედობაა.

მოთხოვნიდან მალევე, პარტიაში ნადირაძეს მომხრეები გამოუჩნდნენ, მელიას კი მოწინააღმდეგეები. "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულმა წევრებმა არ დამალეს, და საჯაროდ განაცხადეს, რომ პარტია დეზორიენტირებულია და ცვლილებებს საჭიროებს. ისიც დააკონკრეტეს, რომ პარტიაში ახლა ნამდვილად არსებობს შიდაწინააღმდეგობები, რაც არჩევნების, ახალი თავმჯდომარისა და მის გარშემო კონსოლიდაციით უნდა დალაგდეს.

"ნაციონალური მოძრაობის" მეორე ნაწილი, თანაპარტიელების განცხადებებით უკმაყოფილოა. განსაკუთრებით იმ ფაქტით, რომ პრობლემაზე არა პარტიის შიგნით მოხდა მსჯელობა, არამედ საჯაროდ. უკვირთ, ზოგიერთი თანაგუნდელის დღევანდელი აქტიურობაც.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებას, სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა მათი კოლეგების მხრიდანაც. ნაწილმა ურჩია, რომ ფუნდამენტური ცვლილებების ნაცვლად ფუნდამენტურ დაშლაზე იფიქრონ. ნაწილი დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიას მიმართ კრიტიკა საფუძვლიანია. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა ლიდერებმა კი, პროცესებს ძალაუფლებისთვის შიდაბრძოლა უწოდეს.

პროცესები რომ შესაძლოა მართლაც იყოს პარტიის დასასრულის დასაწყისი, ეს დღეს მმართველ გუნდში თქვეს, "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული კრიზისი უკვე ზედაპირზეა და რომ ის მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლას არ უკავშირდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, პარტიის სხვა, უკვე ყოფილი წევრები აქამდეც საუბრობდნენ. გამოდიოდნენ შიდაპრაიმერისის ინიციატივითაც. ამბობდნენ იმასაც, რომ პარტია დაცლილია პოლიტიკისგან. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პარტია ამ მიზეზით ორმა წევრმა - ნიკა ობოლაძემ და ნონა მამულაშვილმა დატოვა.

დღის ამბები