27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა - როგორია "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" შეფასებები

დავით კეზერაშვილის თემაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, მაშინ როდესაც გერმანელი სამართალდამცავები ქართველ კოლეგებთან ერთად ტრანსნაციონალურ დანაშაულს იძიებენ და მასში თავდაცვის ყოფილი მინისტრიც ფიგურირებს, ზოგიერთ ევროპარლამენტარს დავით კეზერაშილის გვარი რეზოლუციაში შეაქვს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ კეზერაშვილისგან მსგავსი ქმედება მოულოდნელი არაა, რადგან ეს მისი კრიმინალური ბუნების ლოგიკური განვითარებაა.

"თუ კვალი მიდის კეზერაშვილამდე, ეს არის ასევე ძალიან საინტერესო, ვინაიდან ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება. გუშინ ეს ადამიანი დაკავებული იყო ჩვენი სამხედროების ძარცვით და ახლა თუ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე გადავიდა, ცხადია ეს მისი კრიმინალური ბუნების ლოგიკური განვითარება იქნებოდა და ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად საინტერესო არის, ვინაიდან ცალკეული კოლექტიური კუბილიუსები ევროპარლამენტში ლობირებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მათთან ლობირებას აყენებენ საქართველოს ევროინტეგრაციაზე მაღლა და იცავენ ამ კონტექსტში ზუსტად კეზერაშვილს და მის კრიმინალურ ბუნებას და რესურსებს, კიდევ ერთხელ გააცნობიერონ რომ ამ მხრივ ისინი ძალიან მავნებლურ გზას ადგანან და ეწინააღმდეგებიან ზუსტად კანონის უზენაესობას და არამხოლოდ გაძარცვულ საქართველოს მოქალაქეებს და დარეკეტებულ სახელმწიფოს სახელით თავის დროზე კეზერაშვილის მხრიდან, არამედ ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირის მოქალაქეებს," - აცხადებს იონათამიშვილი.

"ქართული ოცნების" წევრის, გიორგი კახიანის თქმით, გასაჯაროვებული მტკიცებულებების და გარემოებების ფონზე, რეზოლუცია, სადაც კეზერაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, თავდაყირა დგება.

"უკვე, ამ არსებული მოცემულობით და იმ მტკიცებულებებით რაც გასაჯაროვდა, დიდი ალბათობის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერ ამის უკან ბატონი კეზერაშვილის დგას. ამ რეზოლუციაში ყველაფერი თავდაყირა არის დაყენებული, შეიძლება ითქვას, იმიტომ კეზერაშვილი გამოყვანილი არის პოლიტპატიმრად და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად, მაშინ როდესაც კეზერაშვილის მიმართ თქვენ იცით რომ კონკრეტული განაჩენებიც არის დამდგარი და ახლა კონკრეტული ფაქტები გასაჯაროვდა პროკურატურის მხრიდან, რაზეც ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ბატონი კეზერაშვილი დგას მის უკან. მაშინ როდესაც ერთ მხარეს ასეთი პიროვნება არის და მეორე მხარეს ადამიანი, რომელსაც თავისი ქველმოქმედებით უდიდესი ღვაწლი აქვს ქვეყნის წინაშე გაწეული და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული, ცხადია ეს ყველაფერი ამ რეზოლუციას თავდაყირა აყენებს, უამრავ კითხვას აჩენს ამ თვალსაზრისით, როგორ შეიძლება რეზოლუციაში ასეთი არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, შეფასებები და დებულებები გაჩნდეს," - თქვა კახიანმა.

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ კეზერაშვილის ყოფილ თანაგუნდელებს "ნაციონალურ მოძრაობაში. ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ასეთი დანაშაულებრივი სისტემა ვერ ჩამოყალიბდებოდა.

"ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, სუსის, პოლიციის ხელშეწყობის გარეშე ასეთი დანაშაულებრივი სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია ამ ქვეყანაში და ამაზე ჩვენ არაერთხელ ვაკეთებდით შესაბამის განცხადებას პროაქტიურად, "ნაციონალური მოძრაობა" იმთავითვე ებრძოდა ამ სისტემას, ამხელდა ამ სისტემას და კონკრეტულ თანამდებობის პირებსაც მიუთითებდა, ვისი ხელშეწყობითაც მიმდინარეობდა ამ დანაშაულებრივი ქოლცენტრების სისტემის ჩამოყალიბება," - თქვა ბეჟაშვილმა.

დღის ამბები