ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩავშალოთ რუსეთის გეგმა, აქციოს ზამთარი იარაღად - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც. აღნიშნა, რომ მიმდინარე ბრძოლების შესახებ სულ უფრო ნაკლები ინფორმაცია ვრცელდება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლების ინტენსივობა შემცირებულია.
"ჩვენ ნათლად გვესმის: ზამთრის იარაღად გადაქცევა არის ტერორისტული სახელმწიფოს გეგმა ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი ევროპის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისევე როგორც ყველა სხვა რუსული გეგმა, ესეც ჩავარდეს. საინფორმაციო სივრცეში სიახლეების რაოდენობამ ფრონტის ხაზიდან გარკვეულწილად იკლო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის ინტენსივობა შემცირდა. მთელ ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით რთული ვითარებაა დონეცკის ოლქში. ოკუპანტების აქტიურობა იქ უკიდურესად მაღალ დონეზეა. ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება. ისინი განიცდიან მასშტაბურ ზარალს, მაგრამ მათი ბრძანება - მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს - არ შეცვლილა. ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ." - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.