გერმანული მედია წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ ვადიმ კრასიკოვს, გაცვლისთვის ამზადებდნენ.
"თაგეშპიგელის" ცნობით, ოქტომბრის ბოლოს, ფარული მუქარის მიზეზით, ვადიმ კრასიკოვი ბერლინის ტეგელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან ბავარიაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ვერსიით, კრასიკოვს საფრთხე ემუქრებოდა და შურისძიების ეშინოდა.
შეგახსენებთ, ზაფხულში რუსეთმა წამოაყენა კრასიკოვის ექსტრადირების საკითხი ამერიკის ორი მოქალაქის სანაცვლოდ, თუმცა მაშინ ბერლინის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ხანგოშვილი ბერლინის პარკში 2019 წელს მოკლეს. ის ტერორიზმის ბრალდებით ძებნილთა სიაში იყო. სავარაუდო მკვლელი იმავე დღეს დააკავეს, თუმცა შეცვლილი სახელით, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სინამდვილეში დაკავებული 56 წლის ვადიმ კრასიკოვი იყო, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სტრუქტურებთან იყო კავშირში.