გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფიზკულტურის მასწავლებლის გარდაცვალების მიზეზს ახლა გამოძიება არკვევს. 60 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე საკუთარ სახლში თვითმკვლელობით დაასრულა. ფაქტს წინ უძღოდა პედაგოგის მიმართ გაჟღერებული მძიმე ბრალდება. რამდენიმე მოსწავლემ ის გარყვნილ ქმედებაში დაადანაშაულა.
გარდაცვლილის ოჯახში "კურიერს" უთხრეს, რომ 40 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი ცილისწამების მსხვერპლი გახდა. სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ის პოლიციაშიც გამოკითხეს. სამართალდამცველებს ჩვენებები მისცეს მოსწავლეებმა, სკოლის მასწავლებლებმა და მშობლებმა. გარდაცვლილის ოჯახი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
"კურიერი" დღეს იმ სკოლაშიც იმყოფებოდა, სადაც ფიზკულტურის მასწავლებელი წლების განმავლობაში მუშაობდა. კოლეგები ამბობენ, რომ მოსწავლეების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები მათთვის ცნობილი არ არის.
საქმის მეორე მხარეს, გასაგები მიზეზების გამო, კამერების წინ საუბარი არ სურს, თუმცა პოლიციაში დევს ფიზკულტურის პედაგოგის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები. მოზარდებმა დაკითხვის დროს აღწერეს სავარაუდო დანაშაულის დეტალები, რის შემდეგაც საქმე გარყვნილი ქმედების მუხლით აღიძრა. გამოძიება ჯერ დასრულებული არ იყო, როცა მძიმე ბრალდებაში მხილებულმა პედაგოგმა სუციდი გადაწყვიტა, ამჟამად, პოლიცია საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც იძიებს.