27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
გაცდენილი სხდომები და ბიუჯეტის ფულით ნაყიდი საწვავით სარგებლობა - რას ედავებინა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს წევრებს

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს წევრს არ ახსოვს, რამდენ სხდომას დაესწრო, გაცდენების სავარაუდო მიზეზად კი კორონავირუსს ასახელებს, თუმცა გაგა მანაგაძე ამტკიცებს, რომ ხალხთან შეხვედრებს მართავდა და ბიუჯეტის თანხით ნაყიდი საწვავიც ამიტომ დახარჯა. იგივე არგუმენტით იმართლებს თავს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი რომან ქვაჩიკიძეც, რომელიც ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" კვლევის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო.

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოში 6 თვის განმავლობაში სულ 8 სხდომა ჩატარდა და გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა. გაცდენის მაჩვენებლის მიუხედავად კი, თვითმმართველი ორგანოს წევრებმა 131 320 ლარის ღირებულების საწვავი დახარჯეს. ქართული ოცნების წევრები ადასტურებენ, რომ მათი ოპოზიციონერი კოლეგები სხდომებს ხშირად აცდენენ, საწვავს და ადმინისტრაციულ რესურსს კი თავისი ინტერესებისთვის მოიხმარენ.

საკუთარი თანაპარტიელების მიერ საკრებულოს სხდომების გაცდენას არ მიესალმებიან "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში და კოლეგებს ურჩევენ, რომ მხარდამჭერების ხმა თვითმმართველ ორგანომდე სისტემატურად მიიტანონ. რაც შეეხება არამიზნობრივად ბიუჯეტის თანხის საწვავში დახარჯვას, პრობლემას ვერც პარლამენტში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხედავენ.

"ფაქტი, რომ იღებენ ფულს და მოსახლეობისთვის არაფერს აკეთებენ, ადასტურებს მათ დამოკიდებულებას მუნიციპალიტეტებისადმი" - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მუდმივი გაცდენები და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა

ქუთაისის საკრებულოში, ოპოზიცია სრული შემადგენლობით მხოლოდ იმ სხდომას დაესწრო, რომელზეც თვითმმართველი ორგანოს წევრებმა შრომის ანაზღაურება გაიზარდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის" კვლევა იანვარი-ივნისის 6 თვიან პერიოდს მოიცავს. გაცდენების მიხედვით პირველი სამეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისგან შედგება.

დღის ამბები