27 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
გაღელვებდეთ თქვენი ქვეყანა, ყურადღება მიაქციეთ პოლიტიკოსებს როდესაც ისინი იღებენ კანონებს, იყავით მომთხოვნები, რადგან დემოკრატიაში ძალა უნდა ეკუთვნოდეს ხალხს- მიქსერის გზავნილი ქართველ ხალხს

რა შესწორებები შევა საქართველოს შესახებ ანგარიშში- ევროპარლამენტარებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. პოლიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ შესწორებები შესაძლოა იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე ეს კომპრომისულ ვერსიაშია. ნაწილი კი განმარტავს, რომ კრიტიკული გზავნილები თუ ინიციატივები ევროპელი პარტნიორების მხრიდან არ არის უჩვეულო.

"წარმოდგენილი შესწორებების რაოდენობა ხელშესახებია, თუმცა მათში არაფერია უჩვეულო. არაა უჩვეულო, რომ ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური გუნდიდან სხვადასხვა შემოთავაზება გვესმის. მოლაპარაკებების პროცესი, კომპრომისის პოვნის მცდელობა, ეს გრძელი და რთული საკითხია. იმედი მაქვს შევარჩევთ ენას, რომელიც ამ კომიტეტის წევრების უმრავლესობისთვის მისაღები იქნება. თავად ფაქტი, რომ არსებობს ძალიან კრიტიკული გზავნილები არსებობს ძალიან გავლენიანი ჯგუფებიდან, ეს ყველაფერი ასახავს წუხილებსა და უკმაყოფილებას კონკრეტული მიმართულებებით და ვიმედოვნებ ქართველი პოლიტიკოსები ამას ყურადღებას მიაქცევენ. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ ისაა,რომ გაღელვებდეთ თქვენი ქვეყანა, ყურადღება მიაქციეთ პოლიტიკოსებს, როდესაც ისინი იღებენ კანონებს, იყავით მომთხოვნები, რადგან დემოკრატიაში ძალა უნდა ეკუთვნოდეს ხალხს. ქართველი ხალხი ურყევად უჭერს მხარს ევროპულ მომავალს და თუ პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ამ მხრივ შედეგის დადებას, თქვენი უფლებაა ისინი ანგარიშვალდებული გახადოთ,"-აცხადებს სევენ მიქსერი. 

ამასთან, ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან აცხადებს, რომ ქართველ ხალხს უფრო მეტი ოცნება აქვს, ვიდრე "ქართულ ოცნებას". პეტრას აუსტრევიჩუსიმა მმართველ პარტიას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა. 

"მე არ ვუჭერ მხარს ყველა კომპრომისულ ჩანაწერს, ვფიქრობ მათი ნაწილი ზედმეტად რბილია და არ ითვალისწინებს უმნიშვნელოვანესს გამოწვევებს, ამიტომაც იმედს გამოვთქვამ, რომ გვექნება უფრო კონსტრუქციული პროცესი, მეტი შესწორებით. ქართველ ხალხს უფრო მეტი ოცნება აქვს, ვიდრე "ქართულ ოცნებას". ისინი არ არიან ფოკუსირებულნი პოლიტიკაზე, ხალხი კი ფოკუსირებულია ცხოვრებაზე, ქვეყნის მომავალზე. ამიტომ მმართველი პარტია უნდა გამოფხიზლდეს და დაინახოს საკითხები უფრო კრიტიკულად და კონსტრუქციულად. ეს არ ეხება მხოლოდ მმართველ უმრავლესობას, ოპოზიციაც მეტად უნდა იყოს ჩართული პროცესებში. გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ბრიუსელში, ისინი უნდა მიიღონ თბილისში. პრაქტიკული საკითხები საქართველოს მოსაგვარებელია, ველით შედეგებს,"-აცხადებს პეტრას აუსტრევიჩუსი.

ევროპარლამენტის დეპუტატის იუზას ოლეკას განცხადებით, კი ევროპარლამენტის დიდი უმრავლესობა საქართველოს მხარდამჭერია.

"ჩვენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერები ვართ. ვფიქრობ, ყველაზე საყურადღებო საკითხებია სამართლის უზენაესობა,ადამიანის უფლებები და დემოკრატია, ეს 3 სფერო უმნიშვნელოვანესია და მათ გარეშე რთული იქნება შედეგზე გასვლა. ევროპარლამენტის დიდი უმრავლესობა საქართველოს მხარდამჭერია, მოითხოვენ კომისიისა და საბჭოსგან, რომ მიიწვიონ საქართველიო ევროპულ ოჯახში. ეს საერთო ოცნებაა. საქართველოს პოლიტიკური აქტორების მთავარი გამოწვევა ახლა ისაა, რომ შექმნან საერთო გაგების წერტილები, განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებში, საპარლამენტო ოპონენტებში თუ საზოგადოებაში - რომ ერთიანი ძალებით მიაღწიონ მიზანს,"-აცხადებს იუზას ოლეკას.

საქართველოს შესახებ ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი სამ საათში განიხილავს. გაიმართება კენჭისყრაც- უკვე დეკემბერში ანგარიში პლენარულ სხდომაზე გავა- ის ასახავს თუ რამდენად ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას, თუმცა ევროპარლამენტარების ნაწილი რამდენიმე ახალი ჩანაწერის ინიციატივით გამოდის- მათ შორის საუბარია დავით კეზერაშვილზე, ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთელზე, როგორც მედია მენეჯრებზე. ასევე შესწორებულ ანგარიშში სავარაუდოდ, მოხვდება მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის გვარებიც.

დღის ამბები