27 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე, კლიმატის ცვლილების შესახებ ისაუბრა. 

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო, პატივი მაქვს, მოგმართოთ ჩემი ქვეყნის, საქართველოს, სახელით და მადლობა გადავუხადო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს ლიდერობისთვის, მასპინძლობისა და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

როგორც მან აღნიშნა, კლიმატის ცვლილება თაობის გამოწვევად იქცა და საჭიროა სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებები.

"ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და ჩვენ, სახელმწიფოთა ლიდერები, პასუხისმგებელი ვართ იმისათვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები გვჭირდება.

ამ სულისკვეთებით, საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს   და  აქვს 2025 წელს ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის გაზრდის ამბიცია. საქართველომ კლიმატის ცვლილების მეტად ყოვლისმომცველი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა 2030 წლისთვის, იმისათვის, რომ მოხდეს კლიმატის ცვლილების ამბიციური დღის წესრიგის შემდგომი ხელშეწყობა და შედეგების შერბილება. გარდა ამისა, გრძელვადიანი და დაბალი ემისიის  სტრატეგიით, საქართველო მიზნად ისახავს ერთიანი ეროვნული ძალისხმევითა და საერთაშორისო მხარდაჭერით 2050 წლისთვის მიაღწიოს  ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები