სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ნოემბრამდე ყველასათვის უფასოა. მსურველები, მომსახურებას 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა "სანოფი პასტერის" წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. პირველ ეტაპზე დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირები აიცრნენ. ამჟამად კი ვაქცინაცია 6 თვიდან ზემოთ ნებისმიერი პირისთვისაა შესაძლებელი.
"14 ნოემბრის ჩათვლით იმუნიზაციის პროექტები, დაახლოებით 400-მდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მოქალაქე საქართველოსი, ვისაც ექნება სურვილი უფასოდ ჩაუტარებს გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციას. თვეზე მეტია ეს ვაქცინა მიეწოდება განსაკუთრებით მაღალი რისკის კატეგორიებს. დღემდე აცრილია 100 ათასი ადამიანი. გრიპის ვირუსი ჯერჯერობით არ ცირკულირებს საქართველოში, მაგრამ არ არსებობს ზამთარი, როდესაც გრიპის ვირუსი არ იწყებს ცირკულაციას და მისგან დაცვის ერთადერთი პირდაპირი პრევენციის საშუალება არის სწორედ ვაქცინაცია," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.