უკრაინის ენერგოსისტემა კრიტიკულ მდგომარეობაშია. დილიდან დედაქალაქში, ასევე კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, ხარკოვის და პოლტავის ოლქებში ელექტროენერგიის მოხმარება 30 პროცენტით შემცირდა. საათობრივი გრაფიკის დაწესებასთან ერთად, მაღალი ძაბვის ხაზების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად მოხდება ავარიული გათიშვაც. ვიტალი კლიჩკო შიშობს, რომ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში უკრაინელებს სასმელი წყლის, დენის და ბუნებრივი აირის გარეშე დატოვებს. "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით კი, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში დედაქალაქის მთავრობა 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს.
უარესი სცენარისთვის ემზადებიან უკრაინელები ხერსონის ოლქში. საოკუპაციო ძალა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ადგილობრივებს ეგზავნებათ შეტყობინებები, რომ უკრაინული არმია უახლოეს დღეებში მასშტაბური შეტევისთვის ემზადება. ოფიციალური კიევის ცნობით, კი ოკუპანტები პროვოკაციას გეგმავენ.
მანამდე უკრაინის სამშვიდობო ობიექტებს საოკუპაციო ძალა უტევს. 4 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა - საოკუპაციო ძალამ, ღამის განმავლობაში ცეცხლი ასევე რეაქტიული სისტემებიდან, მინიმუმ 200-ჯერ გახსნა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, იერიში 30 დასახლებაზე მიიტანეს.
200 ჭურვი ჩამოაგდო აგრესორმა ძალამ სუმის ოლქში. იერიშის შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი. მძიმედ დაშავდა 5 ადამიანი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.
ბოლო სამი დღეა განსაკუთრებით იმატა ოკუპანტების აქტივობამ, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის რაიონში. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ კრემლი ამას ირანის დახმარების გარეშე ვერ მოახერხებდა. სწორედ ამიტომ, უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას თეირანზე ზეწოლის გაზრდას სთხოვს.
ახლოს არიან უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქის სრულ გათავისუფლებასთან. სამხედროებმა ოკუპანტებისგან კიდევ 6 დასახლება გაათავისუფლეს. წარმატება აქვთ ბერისლავის მიმართულებითაც. გენშტაბის ინფორმაციით, კონტრშეტევის ფარგლებში განადგურებულია ოკუპანტების დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი.
დიდი ბრიტანეთი კი უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას სავარაუდოდ ვეღარ შეძლებს. მიზეზი ქვეყნის ბიუჯეტში არსებული დეფიციტია. სწორედ ამის გამო, საფრთხე ემუქრება პროგრამას სახელწოდებით "სახლები უკრაინელებისთიის", რომლის ფარგლებშიც ომს გამოქცეულ ადამიანებს ყოველთვიურად 350 ფუნტს უხდიდნენ. ეს იმ ფონზე, როდესაც ენერგოკრიზისის გამო უკრაინიდან გაქცეულ ადამიანთა რიცხვი შესაძლოა 800 000-ით გაიზარდოს.