27 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
არასრულწლოვანის თვალწინ მშობლების მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა - "კურიერმა" საქმის მთავარი მოწმის ჩვენება მოიპოვა

არასრულწლოვანის თვალწინ მშობლების მკვლელს სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა - უვადო პატიმრობა, ასეთია მოსამართლე თამარ კაპანაძის გადაწყვეტილება. სოფელ კონდოლში მომხდარი სასტიკი დანაშაულის მთავარი მოქმედი პირი 35 წლის გიორგი გაწირიძეა, მან ამა წლის 10 თებერვალს ფერმის შენობაში თოფიდან ჯერ გიორგი ჯიბიაშვილს ესროლა, შემდეგ კი ქმრის დასახმარებლად გამოსული ცოლიც მოკლა. ცოლ-ქმარი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, გაქცეული დამნაშავე კი პოლიციამ 4 დღის შემდეგ ბათუმში დააკავა.

სოფელ კონდოლში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები პოლიციას ფერმის მეპატრონემ მოუყვა, რომელიც პირველი იყო, ვისი ზარიც მომხდარის შემდეგ 112-ში შევიდა. "კურიერმა" დღეს სწორედ მთავარი მოწმის ჩვენებაც მოიპოვა. გიორგი სამხარაძე 10 თებერვალს განვითარებულ მოვლენებზე პოლიციას დეტალურად უყვება. ჩვენების მიხედვით, გიორგი გაწირაძეს სავარაუდოდ არასრულწლოვანის მკვლელობაც ჰქონდა განზრახული, თუმცა ჩანაფიქრი სისრულეში ადგილზე სამართალდამცველების გამოჩენის გამო ვერ მოახერხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დანაშაული 20 000 დოლარის გამო ჩაიდინა, რომლის მიღებაც ცოლ-ქმრისგან სურდა.

გამოკითხვის ოქმი 2022 წლის 11 თებერვალს არის შედგენილ და მასში ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობის დეტალებია აღწერილი. "კურიერის" მიერ მოპოვებული ჩვენება გიორგი გაწირიძის მიერ ჩადენილ დანაშაულს კიდევ უფრო ამძიმებს.

ვრცელი ჩვენება იმ ფერმის მეპატრონეს ეკუთვნის, სადაც გიორგი ჯიბიაშივლი და მაკა ზურაბიშვილი იყვნენ დასაქმებულები, გიორგი სამხარაძემ პოლიციას მომხდარის დეტალები მოუყვა. მოწმის თქმით, მას თანამშრომელმა დაურეკა და ფერმაში მომხდარი სროლის შესახებ უამბო. სამხარაძე იყო პირველი, ვინც დანაშაულის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

არასრულწლოვანის თვალწინ ანგარების გამო ჩადენილი დანაშაული ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა, რამაც საქმეზე მოსამართლის ვერდიქტი განსაზღვრა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გაწირიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების დასაბუთებისას თამარ კაპანაძემ განსაკუთრებული ყურადღება მოზარდის ფსიქო-ემოციურ და სტრესულ მდგომარეობაზე გაამახვილა. არ იყო გამორიცხული, რომ მკვლელს 10 თებერვალს მშობლებთან ერთად გოგონაც მოეკლა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვანი დაჭრილმა დედამ გადაარჩინა, მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მაკა ზურაბიშვილმა მოახერხა და საშველად თანამშრომელს დაურეკა. სასტიკი მკვლელობის დეტალები დღეს "კურიერთან" მოკლული ცოლ-ქმრის უფროსმა შვილმა გაიხსენა. გიორგი ჯიბიაშვილი მოსამართლისგან უმკაცრეს ვერდიქტს ელოდებოდა. დაზარალებული ოჯახი, მკვლელობის პირველივე დღიდან დანაშაულის ჩამდენი პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვდა.

უმკაცრესი სასჯელის მოლოდინი ჰქონდათ სოფელ კონდოლში, სადაც მოკლულ ცოლ-ქმარს ყველა იცნობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ჯიბიაშვილების ოჯახი მკვლელს ხშირად ფინანსურად ეხმარებოდა.

მოსამართლის ვერდიქტზე საუბარი არ სურს გიორგი გაწირიძის ინტერესების დამცველს. ლეილა გარსევანიშვილს "კურიერი" დაუკავშირდა, თუმცა ადვოკატმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

თელავის რაიონული სასამრთლოს ვერდიქტზე განცხადება გაკეთდა პროკურატურაში. საქმის პროკურორმა იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომლებმაც გიორგი გაწირაძის უვადო პატიმრობა გადაწყვიტა. საქმის მასალებს შორის იყო ექსპერტიზის პასუხები და შემთხვევის ადგილას ამოღებული ნივთმტკიცებები.

დღის ამბები