"ქურდული გარჩევები" თბილისსა და სამეგრელოში - პოლიციამ დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა, სადაც "ქურდული სამყაროს" სამი წევრი ფიგურირებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების "ქურდული წესების" შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს, სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
საირმის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებები თემურ ბაძაღუას დაკავებით დასრულდა. "კურიერი" სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ "ქურდული გარჩევა" მოეწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაძაღუა ერთ-ერთია, ვინც ავტომობილის თემაზე 2 მოქალაქის დავა "ქურდული წესებით" გადაწყვიტა. კრიმინალური გადაწყვეტილების შემდეგ კი, მოდავეს თანხის გადახდას მუქარით აიძულებდა. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ დაკავებულის ოჯახის წევრები.
ავტომობილის ირგვლივ დაწყებული დავის "ქურდულად" გადაწყვეტის სქემას კიდევ 4 ბრალდებული ჰყავს. მათ შორის რობერტ დარსალია, რომელმაც კონფლიქტის მოგვარება კრიმინალებს სთხოვა. "კურიერმა" დიდ დიღომში ის მისამართიც გაარკვია, სადაც დარსალია დააკავეს. მას "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვას ედავებიან.
დაკავებული 5 პირიდან, "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდება 3-ს წარედგინა. 2 კი, კრიმინალური სამყაროს წევრებისთვის მიმართვის მუხლით აიყვანეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. ბრალს ხუთივე პირი უარყოფს.
მტკიცებულებების ნაწილი საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა. ოპერატიულ ჩანაწერებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა, ისმის როგორ ემუქრებიან ერთ-ერთ მოდავეს ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულები.
ფარული ჩანაწერების გარდა, საქმეში სხვა მტკიცებულებებიც დევს. გამოძიებამ ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერება, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო. ძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.