27 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
ევროპარლამენტარების მორიგი რეზოლუცია - მიიღებს თუ არა თბილისი კიდევ ერთ კრიტიკას ევროპარლამენტარებისგან და როგორია მმართველი გუნდის პოზიცია

ევროპარლამენტარების მორიგი რეზოლუცია - რეზოლუციის თავდაპირველი ვერსია ესტონელ დეპუტატს სვენ მიქსერს ეკუთვნის. შესწორებების ინიციატივით კი, რამდენიმე ევროპარლმენტარი გამოვიდა. ანდრიუს კუბილიუსს, ანა ფოტიგას და რასა იუკნევიჩიენესს მოლოდინი აქვთ, რომ დოკუმენტში მოხვდება მედია მენეჯერებთან დაკავშირებით ჩანაწერი, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ისინი სამართლებრივი დევნის ობიექტები არიან. აქცენტი დავით კეზერაშვილზე, ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთელზეა გაკეთებული. მოთხოვნებს შორისაა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაც. ოლიგარქიაზე მომზადებულ პუნქტში კი, კონკრეტული სახელისა და გვარის - ბიძინა ივანიშვილის ჩაწერას ითხოვენ. რეზოლუციაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

კუბილიუს-ფოტიგა-იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ შესწორებას სახელისუფლებო გუნდში უსამართლოს უწოდებენ. მმართველ პარტიას კითხვები აქვს, როგორც ჩანაწერების შინაარსთან, ასევე მის ავტორებთან დაკავშირებით.

გვარამია-კეზერაშვილი-წერეთლის მიმართ სამართლებრივ დევნაზე ჩანაწერი მნიშვნელოვანია იმ ოპოზიციისთვის, ვისაც "ქართული ოცნება" შესწორებების ავტორებთან კავშირში ამხელს. "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრების განცხადებით, ისინი დოკუმენტში ყველა იმ კრიტიკული საკითხის ასახვას ელოდებიან, რაც მათი თქმით, ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ბარიერია.

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ შესწორებებთან კითხვები აქვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციის მეორე ნაწილში ჩანაწერს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, მხარს უჭერენ, თუმცა არ ეთანხმებიან დავით კეზერაშვილის შემთხვევას და დოკუმენტის საბოლოო ვერსიას ელოდებიან ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშიც.

კუბილიუსი, ფოტიგა და იუკნევიჩიენეს სურვილებს, "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური შურისძიების მოტივით ხსნიან. სახელისუფლებო გუნდი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ გვარამია, კეზერაშვილი, წერეთლის საქმეებზე, ქართულ მართლმსაჯულებას კონკრეტული გადაწყვეტილებებია აქვს მიღებული.

სვენ მიქსერის ავტორობით მომზადებულ ანგარიშს, საგარეო კომიტეტი მეორე მოსმენით სავარაუდოდ, ხვალ განიხილავს. ევროპარლამენტარები კი რეზოლუციის საბოლოო ვერსიას, პლენარულ სესიაზე ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბრის დასაწყისში მიიღებენ.

დღის ამბები