27 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი შარმ-ელ-შეიხშია - ეგვიპტეშია საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს

მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი შარმ-ელ-შეიხშია. ეგვიპტეშია საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი და ეგვიპტეში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დახვდნენ.

პრემიერი, გაეროს კლიმატის ცვლილებების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს. საკონფერენციო ცენტრში მთავრობის მეთაურსა და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი დახვდნენ. დელეგატებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით ხვალ მიმართავს და კლიმატის ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ირაკლი ღარიბაშვილი შარმ-ელ-შეიხში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.

გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა. ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტის პრეზიდენტს კონფერენციის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

გაეროს კლიმატის კონფერენციის ლიდერთა სამიტი ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ გაიხსნა. დელეგატებს უკვე მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ანტონიო გუტიერეშის მთავარი გზავნილი მსოფლიოში კლიმატის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.

ოცდაათზე მეტი ქვეყნის ლიდერმა სიტყვით უკვე ისარგებლა. ერთ-ერთმა პირველმა საკონფერენციო ცენტრის მთავარი ტრიბუნა ეგვიპტის პრეზიდენტმა დაიკავა. მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრა იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მსოფლიო კლიმატის ცვლილებას.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობას და ნაყოფიერ თანამშრომლობას, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებზეც.

დღის ამბები