27 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ერეკლეობა, იგივე თელავქალაქობა - კახეთმა ტრადიციულ დღესასწაულს უმასპინძლა

ერეკლეობა, იგივე თელავქალაქობა - კახეთი ტრადიციულ დღესასწაულს მასპინძლობს. თელავში, მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საფესტივალო ტერიტორიაზე სტუმრები არაერთ საინტერესო, შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებას დაესწრნენ.

დღეს ერეკლე მეფის დაბადებიდან 302 წელი შესრულდა. ისტორიულ თარიღს მიეძღვნა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "მეფე ერეკლეს ეპოქა". კონფერენციას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

ლექციის შემდეგ, თელავისა და ბირგუს (მალტა) მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი თელავის მერმა და ბირგუს მერმა მოაწერეს. მემორანდუმი მალტასა და საქართველოს შორის კულტურის, სოციალური პოლიტიკის, სპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

პარალელურად, თელავში სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა. საფესტივალო ტერიტორიაზე, სტუმრებმა მეფე ერეკლეს ცხოვრება და მოღვაწეობა ციფრული ფორმით ნახეს. მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ისტორიული, საგამოფენო სივრცეები მოეწყო.

ერეკლეობის დღესასწაული სრულიად საქართველოს, ადგილობრივი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. თელავში ქართული საბრძოლო ხელოვნებას და ტრადიციული თამაშობების ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, გამოფენა - "მეფე ერეკლე - საქართველოს უკანასკნელი ლომი", საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა.

ერეკლეობის დღესასწაულზე, საიუბილეო სამარკო ნიშნის - მეფე ერეკლე II - პრეზენტაცია გაიმართა. მარკა მიმოქცევაში 2022 წლის ბოლოს შევა და ხელმისაწვდომი იქნება "საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით.

ღონისძიების დასასრულს, თელავის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვაბა გაიმართა. ერთ-ერთი, რომელმაც თელავის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო, მერი ზაალიშვილია. ჟურნალისტმა ჯილდო კახეთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო.

ერეკლეობა თელავში გალა-კონცერტით დასრულდა. თელაველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახალხო დღესასწაული და საფესტივალო დღე გრანდიოზული ფოიერვერკით საზეიმოდ დაიხურა.

დღის ამბები