იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლე ბესარიონ ალავიძის ბრალდებებს პასუხობენ. მათი თქმით, სასამართლო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და არანაირ ჩარევას ადგილი არ აქვს.
მოსამართლემ ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში სასამართლო სისტემის შესახებ ისაუბრა, თქვა, რომ მოსამართლეებს ხშირად იბარებენ და გადაწყვეტილებას მიუთითებენ. ილაპარაკა კონკრეტულ საქმეებსა და უშუალოდ მისთვის გაგზავნილ წერილებზეც.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ბესარიონ ალავიძე განცხადებებს არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით აკეთებს, რათა საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს.
"სამწუხაროდ, ვიხილე ღირსებადაკარგული ჩემი კოლეგა, რომელიც "ენჯეო" სექტორის ხელში, ფაქტობრივად, არის მოლაპარაკე თოჯინად, მარიონეტად გადაქცეული.
"მისი ცილისმწამებლური კამპანიის წარმოების საფუძველია ის, რომ მასსა და "ენჯეო" სექტორს შორის არსებობს გარიგება, იმის შესახებ, რომ მსგავსი სიბინძურის, უკადრებლის კადრების სანაცვლოდ, გარანტირებული ექნება პოლიტიკური თავშესაფარი რომელიმე უცხო სახელმწიფოში, დიდი ალბათობით, აშშ-ში.
ამ ეტაპზე მის სახელსა და გვარს არ დავასახელებ, თუმცა მოვა დრო და დასახელდება, რომელთან საუბარშიც ბესარიონ ალავიძემ აღნიშნა, რომ თუ დარჩება სისტემაში კარგი, თუ არადა შემდგომში მას გარანტირებული ექნება უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მისი შვილებისთვის იქნება უზრუნველყოფილიყო უკეთესი განათლება, თუ ამ ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიას განახორციელებდა "ენჯეოების" დაკვეთით," - აცხადებს გვრიტიშვილი.