27 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
12 ევროპარლამენტარი ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართავს, გამოიყენოს შეწყალების უფლება

12 ევროპარლამენტარი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართავს, გამოიყენოს შეწყალების უფლება.

"მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში," - წერია განცხადებაში.

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი დღის წესრიგში იქნება და პრეზიდენტი ამ საკითხზე დაფიქრდება.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში იქნება ძალიან მაღლა დღის წესრიგში ჩვენს ურთიერთობებში ევროკავშირთან ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი და პრეზიდენტი დაფიქრდება თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროპარლამენტარების მიმართვას მმართველ გუნდში ევროპის სახალხო პარტიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებენ.

"არ არის სიტყვა ევროპარლამენტარი მთავარი დამახასიათებელი იმ ადამიანებისა, რომლებიც მიმართავენ სალომე ზურაბიშვილს. არიან სახალხო პარტიის წევრები, ეს არის დედაპარტია "ნაცმოძრაობისა" და გააჩნიათ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოზიცია, უკვე წლების განმავლობაში ამ პოზიციას ატარებენ მათ შორის საქართველოში; ინტენსიურია მათი მოქმედებები და პოლიტიკური ნაბიჯები. რა საკვირველია მნიშვნელოვან წილად ხშირ შემთხვევაში უპირისპირდება ეს იმ ინტერესებს, რომელიც საქართველოს გააჩნია," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ.

დღის ამბები