27 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციამ სარჩელი 16 ჟურნალისტთან დაკავშირებით კონვენციის 4 მუხლის დარღვევის დასადგენად გააგზავნა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიება არაეფექტურია, რადგან ამ დრომდე დაუსჯელია ყველა ორგანიზატორი, რომლებმაც 5 ივლისს, ჟურნალისტების და აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობა წაახალისა. 

"მივმართეთ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ იმას, რომ გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის ეფექტური როგორც უშუალოდ მოძალადეების ნაწილში, რომლებიც არ არიან ყველანი დასჯილნი, მიუხედავად იმისა, რომ არის შესაძლებლობა, რომ იყოს მოძიებული სათანადო და საჭირო მტკიცებულებები, ყველა მოძალადე ამ დრომდე დასჯილი არ ყოფილა და არ ყოფილა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. და რაც ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო არის, არის ის, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ არის მიცემული," - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

საიას სარჩელზე კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ 5 ივლისის საქმეზე 31 პირია დაკავებული, მათ შორის კი 27 ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით იხდის სასჯელს.

"რაც შეეხება 5 ივლისს მომხდარ ფაქტებს, იყო უმძიმესი ფაქტები. ეს იყო დაუგეგმავად, ყველანაირი წინასწარი ინფორმაციის გარეშე. მყისიერად დავიწყეთ 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და 31 პირი დღეს იხდის სასჯელს, მათ შორის 27 პირი არის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის პასუხისგებაში მიცემული. უამრავი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოკითხვები, დათვალიერდა კამერის ჩანაწერები და სადაც კი იკვეთებოდა სტანდარტი იმისა, რომ კონკრეტული პირის მიმართ წაგვეყენებინა ბრალი და მომხდარიყო პირის პასუხისგებაში მიცემა, ეს ხალხი დღეს იხდიან სასჯელს," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დღის ამბები