27 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ვის შეაქვს ეს შესწორებები, აი როგორც ჩვენთან გიჟი ჯაფარა დარბის, მარტო, ეულად, დაახლოებით ამ კონტიგენტის ხალხთან გვაქვს ჩვენ საუბარი - ირაკლი ზარქუა

რა შესწორებები შეიძლება შევიდეს ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებას ასახავს - დოკუმენტს ბრიუსელში, საგარეო კომიტეტი ხვალ განიხილავს. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი ის სავარაუდოდ თვის ბოლოს გავა.

ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, შესწორებები გაჩნდა. შესწორებების ავტორებს შორის ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა და რასა იუკნევიჩიენე არიან. მათი მოლოდინით ანგარიშში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი მედია მენეჯერებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც, მათივე პოზიციით სამართლებრივი ზეწოლა მიმდინარეობს. საუბარი არის დავით კეზერაშვილზე, ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთელზე. ასევე, ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას და პუნქტში, სადაც ოლიგარქიაზე არის საუბარი კონკრეტული სახელის და გვარის - ბიძინა ივანიშვილის ჩაწერას ითხოვენ.

რა პოლიტიკური განცხადებები კეთდება ევროპარლამენტარების ინიციატივაზე - ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები არის ოპოზიციურ პარტიებში. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული იქნება.

"მოლოდინები გვაქვს, რომ ყველა ის კრიტიკა და ინიციატივები, რაც აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის პოლიტიკურ პატიმრებთან, ოლიგარქიასთან დაკავშირებით, იქნება ის, რაც მოხვდება ამ რეზოლუციაში და რაზეც არაერთხელ უსაუბრიათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმიტომ, რომ პოლიტპატიმრები, ქვეყანაში ოლიგარქიის მმართველობა არის ის მთავარი გამოწვევები და პრობლემა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დღეს აწყდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე," - აცხადებს ენმ-ს წევრი ანა წითლიძე.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის მისაღები არის თუ რეზოლუციაში ჩაიწერება პუნქტი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, თუმცა დავით კეზერაშვილის ფაქტორთან მიმართებაში კითხვები გააჩნიათ. ასევე, უფრო მეტს რეზოლუციის საბოლოოდ ჩამოყალიბების მერე ისაუბრებენ და აქცენტს აკეთებენ იმაზე, თუ როგორ გაიწერება ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

"რამდენადაც მე ვიცი კეზერაშვილთან დაკავშირებით უამრავი საქმე არსებობდა, რომელიც მის სასარგებლოდ გადაწყდა. აქედან გამომდინარე ვერ ვიტყოდი, რომ მასზე ვინმე განსაკუთრებულ ზეწოლას ახორციელებს. დეოლიგარქიზაციის პუნქტის ისე შესრულება, რომ იქ ჩავწეროთ ბიძინა ივანიშვილი, ჩემი აზრით არის ნამდვილი პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. მიხეილ სააკაშვილს რომ ბევრი ფული არ ჰქონდა და რომ მართავდა, ხომ ისეთივე ან უარესი პრობლემა იყო. ჩვენ სისტემურად უნდა შევხედოთ ამ ნაწილს. ოლიგარქიზაციას რასაც ეძახიან დასავლეთში, ჩვენ ადამიანები კი არ გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს სისტემა," - აცხადებს საპარლამენტო ჯგუფის "გირჩის" წევრი ჰერმან საბო.

მმართველი პარტიისთვის კი საინტერესო არის ის თუ რომელი ევროპარლამენტარები ითხოვენ დოკუმენტში შესწორებების შეტანას და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ყველა ის ევროპარლამენტარი, რომელიც კონკრეტული ინიციატივით წარსდგა საგარეო კომიტეტის წინაშე სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული.

"რა შესწორებები აქვთ, თურმე საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები და საქართველოს ხელისუფლება თურმე დევნის პოლიტიკოსებს. ვის მაგალითად აბა თუ გამოიცნობთ? კეზერაშვილს. მთელმა საქართველომ, მოსახლეობის ალბათ 100%-მა იცის რას წარმოადგენს ბატონი კეზერაშვილი. ვის შეაქვს ეს შესწორებები? სწორედ ვინც დაგისახელეთ, ფასიან ლობისტებს და ენმ-ს აქტივისტებს საგარეო ფრონტზე, ევროპარლამენტში. იქ არიან ფოტიგები, კუბილიუსები, მარკეტაც არის მგონი გრეგოროვა ან დაემატება, ასეთი ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომელსაც თავიანთ ქვეყნებში 1% მხარდაჭერა არ აქვთ. აი როგორც ჩვენთან გიჟი ჯაფარა დარბის, მარტო, ეულად, დაახლოებით ამ კონტიგენტის ხალხთან გვაქვს ჩვენ საუბარი. უბრალოდ იქ, სადაც არიან, რაღაც პერიოდით ევროპარლამენტში და მორჩა, შემდეგში ან იქნებიან, ან არა," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოყვანა ჭარბი გავლენის მქონე ოლიგარქად გამოყვანის ლოგიკა მახინჯია.

"ისინი დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის უმთავრესს წარმოადგენს მათი პოლიტიკური ინტერესი და არა სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის რეალური ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ლოგიკა, სადაც დავით კეზერაშვილი გამოყვანილია მედია მენეჯერად და ბიძინა ივანიშვილი გამოყვანილია ჭარბი გავლენების მქონე ოლიგარქად, ეს არის მახინჯი ლოგიკა, რომელსაც უბრალოდ საზოგადოებაში, მთლიანად საქართველოში ყველა კარგად ხვდება, რომ არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

ჩვენ გვექნება საუბრები ასევე ჩვენს კოლეგებთან, თუმცა ამ ადამიანებს უკვე წლებია ჩამოყალიბებული აქვთ საკუთარი პოზიცია. მათ არაერთხელ გააკეთეს განცხადებები, რომელიც პირდაპირ მიზნად ისახავდა მათი პარტნიორი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას და არა რეალურად სახელმწიფოს მხარდაჭერას. ეს არის საკმაოდ დასანანი, თუმცა მუშაობა კვლავაც გაგრძელდება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები