27 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ირანის რეჟიმი რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველამ, მათ შორის ირანმა, ვინც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები უკრაინის ქალაქებზე ახალი მასიური დარტყმისთვის ემზადებიან, რისთვისაც მათ ირანული ტექნიკა სჭირდებათ.

მიმართვის დროს ზელენსკი მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში საოკუპაციო ძალები დიდ ზარალს განიცდიან.

"ირანის თანამონაწილეობა რუსულ ტერორში უნდა დაისაჯოს. ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების დონეზე. მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და შესაბამისად, იმ საფრთხეების გახანგრძლივებაში მსოფლიოს მიმართ, რომელიც არის პროვოცირებული სწორედ რუსეთის ომით. რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, ახლა ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებოდით მშვიდობასთან და ეს ნიშნავს სასურსათო კრიზისის სრულ მოგვარებასთან სიახლოვეს; სიახლოვეს ცხოვრების ხარჯების კრიზისის მოგვარებასთან და ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზებასთან; მიახლოებას რადიაციული შანტაჟისგან საიმედო დაცვასთან, რომელსაც რუსეთი არ წყვეტს. ამიტომ აბსოლუტურად ყველა, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხისმგებელია ამ ომის შედეგებზე," -განაცხადა ზელენსკიმ. 

ირანული დრონების თემას გამოეხმაურა ირანის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი "ტვიტერზეც." რობერტ მელის თქმით, ირანმა ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთს არა ომამდე, არამედ მიმდინარე წლის ზაფხულში გადასცა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ირანელი სამხედრო პერსონალი რუს სამხედროებს მათ გამოყენებაშიც კი ეხმარებოდა.

დღის ამბები