უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას დაღუპულის ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის მებრძოლი მიკოლაივის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.
ლევან სახელაშვილი 2012 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა, მუშაობდა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოშიც. რუსულ აგრესიას ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან დაუპირისპირდა.
ლევან სახელაშვილი 24-ე ქართველია, რომელიც თებერვლის შემდეგ, უკრაინაში დაიღუპა.