27 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
უკრაინაში კვლავ მძიმე ბრძოლებია - რუსეთი წინ ვერ მიიწევს და ცდილობს ამ დრომდე დაკავებული ტერიტორიები გაამაგროს

უკრაინაში კვლავ მძიმე ბრძოლებია- რუსეთი წინ ვერ მიიწევს და ცდილობს ამ დრომდე დაკავებული ტერიტორიები გაამაგროს. ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის გათვალისწინებით, რუსეთის სამიზნე ობიექტები იცვლება. ისინი კვლავ ცდილობენ სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას რაკეტებით დაარტყან.რუსმა ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 სარაკეტო და 19 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 35-ზე მეტი დასახლება დაზიანდა, მათ შორისაა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონები.

ოკუპანტებმა 157 ჭურვი ისროლეს ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით. ზიანი მიადგა რეგიონის 8 დასახლებას. განადგურებულია 6 საცხოვრებელი სახლი და ადგილობრივი კულტურის ცენტრი. რუსულმა ჯარებმა 6 სარაკეტო იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე

ამის პარალელურად უკრაინის არმია ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ჯარები დიდი ალბათობით ხერსონს დატოვებენ. საუბარია მდინარე დნიპროს სანაპიროზე, საიდანაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ რუსეთი ომში კიდევ უფრო უკან იხევს.

ამასთან, ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა. თუმცა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა. უკრაინის პრეზიდენტი დრონებთან დაკავშირებით თეირანის აღიარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანის მტკიცება, თითქოს რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები მცირე რაოდენობით უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მიაწოდა, სიცრუეა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ირანელი ინსტრუქტორები რუს სამხედროებს უპილოტო დრონების მართვას ახლაც ასწავლიან რაც მათ უწყვეტ ჩართულობაზე მეტყველებს..


რუსეთის ძალების მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფართო დაბომბვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% დაზიანებული ან განადგურებულია. დონეცკის რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, თავდასხმებმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ელექტროსადგურები, რომლებიც ქალაქ ბახმუტსა და მიმდებარე ქალაქ სოლედარს ემსახურებიან.

"ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო. როგორც ამერიკული მედიასაშუალება წერს, ადგილობრივი სპეციალისტები 1000 თბოთავშესაფარს აწყობენ, რომელთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია, ისევ დაუკავშირდა უკრაინის ენერგოსისტემას, 17 ოქტომბერს ზაპოროჟიეს ატამურ ელექტროსადგურში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ენერგოდარშია განლაგებული, სროლის შემდეგ ელექტრომომარაგება გაითიშა. პირველ ოქტომბერს კი რუსმა სამხედროებმა სადგურის გენერალური დირექტორი გაიტაცეს. 4 ოქტომბერს ის რუსულ სახელმწიფო არხებზე გამოჩნდა, სადაც აცხადებდა, რომ უკრაინულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და "აცნობიერებდა", რომ სადგურის მიმართულებით უკრაინელები ისროდნენ.

ამის პარალელურად კი რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხერსონში უკრაინის მხრიდან დაბომბვის შედეგად კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა. კახოვკას ელექტროსადგური და წყალსაცავი მდინარე დნიპროზე, ხერსონში მდებარეობს. უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს კახოვკას სადგურზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებენ, რაც ორივე მხარე აცხადებს, რომ დატბორვას და ქალაქი ხერსონის გარშემო ნგრევას გამოიწვევს.

დღის ამბები