ჯანდაცვის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომლითაც წამლის ფასებზე ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს. უწყებაში საკანონმდებლო პაკეტის შინაარსზე უკვე შეთანხმდნენ. პირველ ეტაპზე მიზანი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვარის განსაზღვრაა. მომავალში ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი, სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
ამასთან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, კონტროლის რა მექანიზმები და ბერკეტები ექნება სახელმწიფოს ფასების დარეგულირების მიმართულებით.
"რეფერენტული ფასების პოლიტიკის შემოღება ნიშნავს, რომ სახელმწიფო კონკრეტულ მედიკამენტებზე განსაზღვრავს ფასების ჭერს- მაქსიმალურ ფასს, რა ფასადაც კონკრეტული მედიკამენტი შეიძლება გაიყიდოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე, რეფერენტული ფასების პოლიტიკის შემოღება გადაწყვეტილია ქრონიკულ მედიკამენტებზე და გარკვეულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ჯამში დაახლოებით 30 მედიკამენტამდეა.
ჯარიმის მოცულობაზე, კონკრეტულ თანხაზე ჩამოყალიბებული არ ვართ, თუმცა ევროპული გამოცდილებით ვიხელმძღვანელებთ. ამოცანა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის და ჯანსაღი კონკურენციის გაზრდაა. იმ მეთოდოლოგიაში, რომლითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ მარჟა იქნება იმგვარად დარეგულირებული, რომ ფარმაცევტულ კომპანიას აღარ ექნება საშუალება, რომ ნეგატიურ მარკეტინგულ საშუალებებზე დახარჯოს თანხა,"-აცხადებს ილია ღუდუშაური.