27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
შედგება თუ არა ოპოზიციურ ერთობა - სამეულის პოლიტიკურ პერსპექტივას ოპოზიციის სხვა წევრები სკეპტიკურად უყურებენ

აქვს თუ არა ოპოზიციურ ერთობას პოლიტიკური მომავალი? ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძე კოლეგების გულს ჯერ ვერ იგებენ, შესაბამისად მათი შემადგენლობაც ჯერჯერობით უცვლელია. სამეული ვერ ახერხებს ოპოზიციის სხვა წევრები საკუთარი იდეების ქმედუნარიანობაში დაარწმუნონ, თუმცა ოპტიმიზმს მაინც არ კარგავენ და მზად არიან გამართონ დისკუსია და მსჯელობა კრიტიკულად განწყობილ კოლეგებთან. ვიდრე თანამოაზრეებს შემოიკრებენ, მანამდე ისინი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საჯარო ხვდებიან და თავიანთ ხედვებს აცნობენ.

ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას გაერთიანებაზე უარი ერთ-ერთმა პირველმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უთხრა, პარტიამ, რომელის რიგებშიც წარსულში ახლად შექმნილი სამეულის ლიდერები ირიცხებოდნენ.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, ისევე როგორც დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს სულ სხვა დღის წესრიგი აქვთ და ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტი არა რაიმე გაერთიანებებში შესვლა, არამედ საკუთარ პარტიულ რესურსზე ზრუნვაა. კოლეგა პარტიები სამეულის გაზრდის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ და წარსულ გამოცდილებას იხსენებენ, როგორ იშლებოდა სხვადასხვა ერთობები. ახლად ჩამოყალიბებული ერთობის წევრებს კოლეგები ურჩევენ საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე იზრუნონ.

სახელისუფლებო გუნდი ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობის მიღმა პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესს ხედავს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ახლა ოპოზიციურ ფლანგზე მატერიალური და ელექტორალური სარგებლის მისაღებად იბრძვიან.

თუ გავითვალისწინებთ განცხადებებს, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხრიდან კეთდება, სულ უფრო მცირდება იმის შანსი, რომ პარტიები ახალი ერთობის ჩამოყალიბებას შეძლებენ. ეს საკითხი მეტ აქტუალობას არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო შეიძენს, პარტიებს ამისთვის წინ 2 წელი აქვთ.

დღის ამბები