უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის 255-ე დღეა. რამდენიმეთვიანი უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ, ახლა უკვე რუსეთის სარდლობამ გადაწყვიტა ძალების კონცენტრირება და კონტრიერიშის დაწყება. მათი მთავარი სამიზნე დონეცკის ოლქია, სადაც ამ დრომდე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. ეპიცენტრი კი ქალაქი ბახმუტია. სწორედ რუსულმა ქვედანაყოფებმა დონეცკის ფრონტის სამხრეთ სექტორში, 4 ტაქტიკური მიმართულებით ინტენსიური კომბინირებული შეტევა წამოიწყეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი კი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი ნაწილობრივ დატოვონ. ოლექსეი რეზნიკოვს მიაჩნია, რომ ეს ტაქტიკური უკანდახევა რუსეთმა ე.წ. კეთილი ნების აქტად წარმოაჩინონ. გარდა ამისა, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ირანული შაჰედის ტიპის დრონები, რუსეთს, სწორედ თეირანმა გადასცა.
ირანის პირველმა დიპლომატმა რუსეთისთვის რაკეტებისა და დრონების მიწოდება უარყო, თუმცა ის თქვა, რომ დრონების შეზღუდული რაოდენობა, ირანმა რუსეთს უკრაინაში ომამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა:
"ზოგიერთი დასავლური ქვეყნის აღშფოთება იმაზე, რომ უკრაინასთან ომში დასახმარებლად ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ რუსეთს რაკეტები და დრონები მიაწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადების სარაკეტო ნაწილი სრული სიცრუეა, დრონების ნაწილი კი - სიმართლე. დრონების შეზღუდული რაოდენობა რუსეთს უკრაინაში ომამდე რამდენიმე თვით ადრე გადავეცით. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შევთანხმდით, რომ მოგვაწვდიან მათ ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომელიც რუსეთის მიერ ირანული დრონების უკრაინაში გამოყენებას დაადასტურებს. დამტკიცების შემთხვევაში, ამ ფაქტის მიმართ გულგრილი არ დავრჩებით,"- აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი.