რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კლუბში ხანძრის გაჩენაში სავარაუდო დამნაშავე 23 წლის რუსი სამხედრო სტანისლავ იონკინია. მისი ნასროლი პიროტექნიკის შედეგად კლუბში ცეცხლი გაჩნდა, რამაც 13 ადამიანი იმსხვერპლა. იონკინი უკვე დაკავებულია.
რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი სამხედრო უკრაინის ომიდან აგვისტოს თვეში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ერთ-ერთი ბრძოლისას მანქანიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. მან ოქტომბრის თვეში სამედიცინო შემოწმება გაიარა და გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა.
მომხდარი შემთხვევის წინა დღეს, იონკინმა ახლობლებს დაურეკა და უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, სავარაუდოდ ამ საუბრის შემდეგ ის კლუბში გაემართა, სადაც საბედისწერო ფოერვერკი მოაწყო.
გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად ჩამოიშალა კლუბის სახურავი. შექმნილი პანიკისა და ჭყლეტვის გამო, კლუბში მყოფებმა შენობის დატოვება დროულად ვერ მოახერხეს.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.