27 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი კვლავ არ დაუკმაყოფილეს

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი, კვლავ არ დაუკმაყოფილეს. მალგოჟატა გოშევსკას, ექსპრეზიდენტის "ვივამედში" მონახულება სურდა, თუმცა მას კლინიკაში სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცა. პოლონელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია უარის თქმის მიზეზი.

"კიდევ ერთხელ მითხრეს უარი მიხეილ სააკაშვილთან და ასევე ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორ - ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე. თვითონ ის ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფებიან ქვეყნის პრეზიდენტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, არც თუ საუკეთესოდ მეტყველებს ქვეყანაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მივიღე მორიგი უარი პატიმრებთან შეხვედრაზე და არ მომეცა იმის საშუალება მენახა, რა პირობებში იმყოფებიან ისინი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომაროება,"- აცხადებს პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე.

მიხეილ სააკაშვილის დედა კი აცხადებს, რომ მის შვილთან დაკავშირებით მალე დაიდება დიაგნოზი, რომელიც მისი თქმით, კარგი არ არის. 

"ბოლოს და ბოლოს მივუახლოვდით ფინიშის ხაზს და დაიდება დიაგნოზები, რომელშიც კარგი არაფერი არ არის, მაგრამ რაღაც გზას დავადგებით, იმედი მაქვს გაითვალისწინებენ და რაღაც საშუალებას მისცემენ ჩემს შვილს რომ მიხედოს თავის ჯანმრთელობას და გადარჩეს"- აცხადებს გიული ალასანია. 





 


დღის ამბები