ვაჟა მელაძე ისევ სკანდალში ეხვევა - 21 700 ლარი გიორგი ვარდანაშვილმა "მელაძე ინტერიერს" გადაუხადა. კომპანიას მისთვის 5 თვეში 4 სხვადასხვა ოთახისთვის ავეჯი უნდა დაემზადებინა, ვადის ამოწურვის შედეგ, ბინა კვლავ ცარიელია. ვარდანაშვილმა დასახმარებლად გამოძიებას მიმართა.
"კურიერის" ეთერში, რამდენიმე თვის წინ გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც მელაძის თაღლითურ სქემას ეხებოდა, მთავარ საგამოძიებო უწყებას ათობით დაზარალებულმა მიმართ. დღეს გამოძიება რამდენიმე ეპიზოდად არის დაყოფილი. ოფიციალურად, მელაძეს 51 ადამიანი 1 მილიონ ლარამდე თანხის თაღლითურად მითვისებას ედავება. საჩივრების გამოჩენის შემდეგ, ბრალდებული გამოძიებას მიემალა და ქვეყანა დატოვა. 16 სექტემბერს საქართველოს საზღვარი გადაკვეთა შვილთან ერთად მისმა მეუღლემაც, ლელა ქვილითაიაც ასევე ჯგუფურ თაღლითობაშია ბრალდებული. თავად მელაძემ სოციალური ქსელში დაწერა, რომ მისი ცოლი გამოძიებამ დააკავა, შვილი კი დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი - რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მელაძისა და მისი ცოლის გარდა, ბრალი "მელაძე ინტერიერის" შვილობილი კომპანიის დირექტორს წარედგინა, რომელიც ამტკიცებს, რომ გარემოებების მსხვერპლია. ის სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ძებნილ მელაძესა და მის მეუღლეს კი, პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიება უკვე დაინტერესდა ძებნილი მელაძის "ფეისბუკ" სტატუსებითაც. ბრალდებულმა, სავარაუდოდ მომხმარებლების პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა, სადაც სახელი და გვარების გარდა, მისამართები და ტელეფონის ნომრებია მითითებულია.
მელაძე ასევე ავრცელებს აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ფრაგმენტებს, რითიც საზოგადოებისთვის კვალის არევას ცდილობს. ჩანაწერებში ის ახსენებს კომპანიის დირექტორების სახელებსა და გვარებს, რომლებიც კომპანიაში ხშირად იცვლებოდნენ. "მელაძე ინტერიერის" ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ვაჟა მელაძე იღებდა.
ვაჟა მელაძის, მისი მეუღლისა და შვილობილი კომპანიის თაღლითური სქემა მთავარ საგამოძიებო უწყებაში გაშიფრეს. პროკურატურაში ამბობენ, რომ სამივე პირი მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების მხრიდან ავეჯის დასამზადებლად ჩარიცხულ თანხებს. თავდაპირველად მელაძეს 4 ეპიზოდს ედავებოდნენ, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს და საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჩამოართვეს. მიუხედავად ამისა, მელაძე ცოლთან ერთად გამოძიებას მიემალა.
გამოძიება ვაჟა მელაძისა და მისი თანამზრახველების მიმართ ჯერ არ დასრულებულა. პროკურატურაში დაზარალებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, მიმდინარეობს ოპერატიული სამუშაოებიც. საგამოძიებო უწყებაში ძებნილი ცოლ-ქმრისთვის ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავენ.