27 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
მსოფლიო ლიდერები უკრაინის გადასარჩენად - დიდი შვიდეულის ქვეყნები უკვე მეორე დღეა მსჯელობენ, როგორ გადაატანინონ კიევს მძიმე ზამთარი

დარბაზში, სადაც ვესტფალიის ზავით ევროპამ 30 წლიანი ომი დაასრულა, დღეს ისევ ომზე მსჯელობდნენ. იმისათვის, რომ ყინვამ ომში რუსეთის სასარგებლოდ არ იმუშაოს, დიდი შვიდეული ზამთრის სამზადისს იწყებს. ამოცანა უკრაინის გვერდში დგომაა. 

უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ელექტროქსელის 40 პროცენტზე მეტი უკვე დაზიანებულია, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა. სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმების გამო, ზოგიერთ ოლქში პრობლემაა სასმელი წყალიც. ევროპელები ფიქრობენ, რომ რადგან კრემლი უკრაინის დამორჩილებას ვერ ახერხებს, ამოცანად უკრაინის განადგურება აქცია. დიდი შვიდეული ამას არ დაუშვებს - გერმანიამ 100-ზე მეტი გენერატორი კიევს უკვე გაუგზავნა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე დაავალა, ენერგიის გონივრული ხარჯვა გააკონტროლონ. პრეზიდენტს იმედი აქვს და დარწმუნებულიც არის, რომ უკრაინელებს ერთად მოქმედების უნარი არ დაუკარგავთ.

დასავლეთ გერმანიის ქალაქ მიუნსტერში შეხვედრების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ შვიდი ერი ავსტრალიასთან ერთად რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე უკვე შეთანხმდა.

დღის ამბები