27 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
სანამ მსოფლიო ლიდერები უკრაინის გადარჩენის გზებს ეძებენ, ქვეყანაში ომის 253-ე დღე დასრულდა - საოკუპაციო ძალებმა თავდასხმები სამჯერ გაზარდეს

სანამ მსოფლიო ლიდერები უკრაინის გადარჩენის გზებს ეძებენ, ქვეყანაში ომის 253-ე დღე დასრულდა, საოკუპაციო ძალებმა კი თავდასხმები სამჯერ გაზარდეს. რუსული არმია, მიუხედავად უკან დახევისა, უკრაინულ ქალაქებზე რაკეტებითა და ირანული კამიკაძე დრონებით შეტევას არ წყვეტს. დღეში 80 დარტყმა - ასეთია რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიური სტატისტიკა.

ახლა ოკუპანტების მთავარი სამიზნე დონეცკის ოლქია, სადაც პუტინის ჯარისკაცები კონტრშეტევაზე გადასვლას ცდილობენ, თუმცა რაკეტებს ესვრიან ხარკოვის ოლქსა და მიკოლაევსაც. ამ ეტაპზე უცნობია მოხდება თუ არა გადამწყვეტი ბრძოლა ჰერსონისთვის, რომელიც რუსულმა არმიამ თითქმის მთლიანად დატოვა. თუმცა, უკრაინელები შეტევას არ ჩქარობენ, რადგან დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტები ქალაქის ბრძოლებისთვის ემზადებიან.

ახლა კი კიევის მთავარი თავსატეხი ირანული ბალისტიკური რაკეტები ხდება, რომელსაც თეირანი მოსკოვს უახლოეს პერიოდში გადასცემს. უკრაინა შიშობს, რომ ირანულ საჩუქრებს ოკუპანტები ისევ კრიტიკული ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენებენ. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ენერგოსექტორის დაბომბვის გამო კი, ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 4 მილიონზე მეტი მოქალაქე, მათ შორის მარიუპოლი. ოკუპირებულ ქალაქში გადაღებულმა ფოტომ დღეს მსოფლიო შეძრა - "ჩვენ ვიყინებით, დაგვეხმარეთ" დაწერეს ადგილობრივებმა ზეწარზე და ერთ-ერთი სახლის აივანზე გადმოკიდეს.

უკვე მესამე დღეა სუმის ოლქი ინტენსიური ცეცხლის ქვეშაა. ოკუპანტებმა 157 ჭურვი ისროლეს ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რეგიონის 8 დასახლებას. განადგურებულია 6 საცხოვრებელი სახლი და ადგილობრივი კულტურის ცენტრი.

რუსულმა არმიამ 6 სარაკეტო იერიში მიიტანა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე. აფეთქების შედეგად სკოლის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, რუსებმა სამჯერ გააძლიერეს საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე.

"ს-300" ტიპის რაკეტებით და ირანული წარმოების კამიკაძე დრონებით შეტევა აგრესორმა მიკოლაევის ოლქზეც განახორციელა. რამდენიმე საათიანი უწყვეტი იერიშის შედეგად განადგურებულია საწყობი, მძიმედ დაზიანდა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა და 15-მდე ავტომობილი. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ლუჰანსკის ოლქის გათავისუფლებული სოფლებიდან კი ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაკარგულ ტერიტორიებზე უახლოეს ორ დღეში ოკუპანტების მასობრივი იერიშია მოსალოდნელი.

წარმატება აქვთ უკრაინელ სამხედროებს ჰერსონის მიმართულებით. უკრაინული დროშა დილიდან მალა სეიდემინუხას თავზე ფრიალებს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებულია კიდევ 3 სოფელი, თუმცა მათი დასახელებისგან უწყება ამ დრომდე თავს იკავებს. ცნობილია, რომ 24 საათის განმავლობაში ლიკვიდირებულია 840-ზე მეტი რუსი სამხედრო.

ინტენსიური ცეცხლის პარალელურად რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინამ 107 სამხედრო დაიბრუნა. მათგან 74 "აზოვსტალის" მებრძოლია.

დღის ამბები