27 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" რიგები პარლამენტშიც და პარტიაშიც მცირდება - საკუთარ მანდატზე უარი ამჯერად ნონა მამულაშვილმა თქვა და გადაწყვეტილება თანაპარტიელებს სოციალური ქსელით აცნობა

"ნაციონალური მოძრაობის" რიგები პარლამენტშიც და პარტიაშიც მცირდება - საკუთარ მანდატზე, ისე, რომ პარლამენტშიც არ გამოჩენილა, ამჯერად უარი ნონა მამულაშვილმა თქვა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ახალმა სახემ საკუთარი თავი საკუთარ გუნდში 2 წელში ამოწურა. ნონა მამულაშვილი არც პარტიას დამშვიდობებია და "ნაციონალურ მოძრაობას" facebook პოსტიდან ამცნო, რომ გუნდს პოლიტიკისგან დაცლილად და სისტემური პრობლემების მქონედ მიიჩნევს. პარლამენტიდან რუსთაველის გამზირზე გასული მამულაშვილი საკუთარ მომავალს ახლა პოლიტიკურ პლატფორმა "გამზირში" ხედავს.

ბოლო ორ კვირაში ორი დაკარგული წევრი, ნიკა ობოლაძისა და ნონა მამულაშვილის წასვლის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ცხოვრებას აგრძელებს. ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გუნდმა უბრალოდ ადამიანური რესურსი დაკარგა. სხდომათა დარბაზში მინუს ერთ ოპოზიციონერ კოლეგას პრობლემად არ მიიჩნევენ მმართველ გუნდშიც.

მამულაშვილი დღეს მედიასთან აღარ გამოჩენილა. მიზეზები კი, რის გამოც საკუთარ თავს ვერც პარლამენტში და პარტიაში ვეღარ ხედავს, სოციალური ქსელით განმარტა. მიიჩნევს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინოა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკისგან დაცლილი და სისტემური პრობლემების მქონე.

ნონა მამულაშვილის გადაწყვეტილების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა "ფეისბუქ" პოსტიდან შეიტყვეს. უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ პარლამენტიდან გასვლა არასწორი ნაბიჯია და რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში კრიზისი არ არის. პარტიაში აზრთა სხვადასახვაობას ბუნებრივ პროცესს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ მამულაშვილს პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება არ ეყო.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" მეორე წევრმა დატოვა. ნიკა ობოლაძეც მამულაშვილის პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ პრობლემების მოგვარების გზა თავმჯდომარის ცვლილებაშია. ობოლაძე არ გამორიცხავს, რომ პარტიიდან წევრების გასვლა გაგრძელდეს, ამის საფრთხეს კი "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ ხედავენ.

რა პროცესები მიმდინარეობს "ნაციონალურ მოძრაობაში", ნაკლებად აინტერესებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებში, თუმცა მათთვის მიუღებელია შეფასება, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი სამარცხვინოა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული მდგომარეობა სახელისუფლებო გუნდისთვის სიგნალია, რომ ოპოზიციურ პარტიაში შიდა განხეთქილება და პარტიის რღვევის პროცესი მიდის.

ნონა მამულაშვილის გადაწვეტილების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში ერთით ნაკლები ხმა ექნება, სიების ჩახსნის შედეგად კი მამულაშვილს ადგილმონაცვლე პარლამენტში ვეღარ ეყოლება.

დღის ამბები