27 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
დედ-მამის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის ფარული ჩანაწერი, რომელიც გამოძიებისთვის აღიარებით ჩვენებად იქცა - რა მტკიცებულება მოიპოვა "კურიერმა"

დედ-მამის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის ფარული ჩანაწერი, რომელიც გამოძიებისთვის აღიარებით ჩვენებად იქცა - გიორგი ბეროზაშვილის საუბარი მის ყოფილ უფროსთან პოლიციამ სასამართლოს განჩინებით მოიპოვა. გამოძიებამ ფარული ჩანაწერის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბეროზაშვილმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. აუდიო და ვიდეო მასალაში კი, ბრალდებული მშობლების მკვლელობისა და ბინის დაწვის დეტალებს ყვება. გიორგი ბეროზაშვილი ამბობს, რომ საკუთარი დედ-მამის მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა.

დღეს "კურიერმა" საქმის მთავარი მტკიცებულება მოიპოვა, რომლის საფუძველზეც ბეროზაშვილი განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა. ჩანაწერში კარგად ისმის თუ როგორ გაუსწორდა ყოფილი პოლიციელი ამა წლის აპრილის თვეში საკუთარ მშობლებს. ჯერ მოკლა მამა, შემდეგ კი ხმაურის გამო გაღვიძებული დედა. ორივე მშობელს ბრალდებულმა დამიზნებით ესროლა. ამის შემდეგ უკვე გიორგი ბეროზაშვილი კვალის წაშლას ცდილობს და ყაჩაღობის ინსცენირების მიზნით ვაზისუბანში მდებარე ბინაში ცეცხლს აჩენს.

ჩანაწერში, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა, გიორგი ბეროზაშვილი ყვება, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მამის კაბინეტიდან აიღო და მშობელი საწოლში მძინარე მოკლა. ყოფილი პოლიციელი ვიდეომასალაში ხელმძღვანელს დეტალურად უყვება, როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ დედ-მამა. ჩანაწერი დაკავებამდეა გაკეთებული.

5 წუთიან ფარულ ჩანაწერში გიორგი ბეროზაშვილი ყაჩაღობის ისნცენირების დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას, საუბრობს სოლიდურ თანხაზე და ოქროს სამკაულებზე. ბრალდებულმა ძვირფასეულობა დანაშაულის ჩადენის შემდეგ სახლიდან გაიტანა.

როგორ მოიპოვეს სამართალდამცველებმა გიორგი ბეროზაშვილის აღიარება - დეტალები სასამართლოს ერთ-ერთმა მოწმემ უამბო. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დღეს ჩვენება მისცა. კახაბერ მურადაშვილის თქმით, ჩაწერამდე მოსამართლის განჩინება მიიღეს, შემდეგ კი პოლიციაში საკუთარი ნებით მისული დევნოზაშვილის საუბარი ჩაწერეს.

ყოფილი ხელმძღვანელისთვის კითხვის დასმის უფლება სხდომაზე გიორგი ბეროზაშვილმაც ითხოვა.

მოწმისთვის განკუთვნილი ტრიბუნა მოგვიანებით ფსიქოლოგმა დაიკავა. თინათინ კახაძე ბრალდებულისთვის ჩატარებულ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობდა. დასკვნის მიხედვით, გიორგი ბეროზაშვილი სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს აფექტურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. მოწმემ სასამართლოზე დაკავებულის მონათხრობიდან ის ფრაზები წაიკითხა, რომლებიც დანაშაულის ჩადენის გარემოებებს აღწერს.

მოწმეების ჩვენებები, ვიდეო კადრები და "კურიერის" მიერ მოპოვებული ფარული მასალა ის მტკიცებულებებია, რომლებიც ბრალდების მხარის თქმით, დანაშაულს ადასტურებს. პროკურატურა დარწმუნებულია, რომ სასამართლო გიორგი ბეროზაშვილს გამამტყუნებელ გააჩენს გამოუტანს.

დაკავებული ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი ინტერესების დამცველი, რომელიც ამ დრომდე საქმის დეტალებზე ღიად არ საუბრობდა, "კურიერთან" აცხადებს, რომ გამოძიებას მყარი მტკიცებულებები არ აქვს.

გამოძიება გიორგი ბეროზაშვილს ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

ლალი თავაძის და ზაზა ბეროზაშვილის ცხედრები 27 აპრილს ვაზისუბანში საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბინაში ცეცხლი გაჩნდა, თუმცა მალევე გამოძიებამ დაადგინა, რომ ხანძარს წინ უსწრებდა მკვლელობა. საქმეზე მალევე დააკავეს გარდაცვლილების შვილი, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი.

გავრცელებული ვერსიით, მას ოჯახის წევრებთან კონფლიქტი ვალის გამო ჰქონდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ მამა მოკლა, შემდეგ კი დედას ესროლა. მოაწყო ყაჩაღობის ინსცენირება და ძვირფასეულობა სახლიდან გაიტანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალსიწინებს.

დღის ამბები