27 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
არ მეპარება ეჭვი კალაძის გულწრფელობაში, რომ ეს ტრაგედია განიცადა, მაგრამ ავიწყდება, რომ ამ ტრაგედიის უკან დგას პასუხისმგებლობები - ირაკლი ნადირაძე

საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში "ქართული ოცნების" და ოპოზიციის წევრები მონაწილეობდნენ. დეპუტატებს შორის ჩხუბი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა.

თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადიბაიძის განცხადებით, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

"მე აქ მყოფი არცერთი ოპოზიციონერის გულწრფელობაში არ მეპარება ეჭვი, არც კახა კალაძის გულწრფელობაში, რომ მან ეს ტრაგედია განიცადა, რადგან ის თვითონაც 4 ანგელოზივით შვილის მამაა და დიახ, ეს მისთვის პირადი ტრაგედია იქნება მთელი ცხოვრება. მაგრამ მას ავიწყდება, რომ ის არის ქალაქის მერი და ამ ტრაგედიის უკან დგას პასუხისმგებლობები, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.

ოპოზიციას უპასუხა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ. მისი განცხადებით, ოპოზიციამ ტრაგედიიდან 2 დღეში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირება დაიწყო და ტრაგედიით სპეკულირებს.

"ფრაქციის სხდომაზე, რომელიც გარდაცვალებიდან მეორე დღე გვქონდა ჩანიშნული გასუსულები ვიყავით, ვერ ვლაპარაკობდით, ისეთი უბედურება დატრიალდა და ამ დროს ადამიანებმა დაიწყეს ბრიფინგების ჩატარება კახი კალაძის გადადგომაზე და მის დაბარებაზე. ამის მერე როგორ ლაპარაკობთ საერთოდ. 2 დღეში როგორ დაიწყეთ ამაზე ლაპარაკი? ეს არის უბედურება," - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ. 

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები