27 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
საკრებულოს სხდომა დღეს წუთიერი დუმილით გაიხსნა - ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა თბილისის მერის საკრებულოში მისვლა

თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს წუთიერი დუმილით გაიხსნა. დეპუტატებმა პატივი მიაგეს ვაკის პარკში დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას. ეს არის პირველი სხდომა, რომელიც ტრაგედიის შემდეგ იმართება.

ამავე თემაზე დარბაზში ისმოდა ურთიერთბრალდებები. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა მერის საკრებულოში მისვლა.

"ვისმენთ იმას, რომ პოლიტიზებას ნუ ახდენთო ამ საკითხისო. საკითხის პოლიტიზება არის აუცილებელი იმიტომ, რომ საკითხის პოლიტიზება არის გარანტი იმის, რომ ეს იყოს ბოლო ტრაგედია და გარანტი იმის, რომ ეს არ იყოს მორიგი ტრაგედია ამ ქალაქში. მე აქ მოლოდინი მქონდა ამ ტრაგედიის მერე, რომ ვნახავდით ქალაქის მერს და დავიწყებდით ყველაფრის გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობას იმიტომ, რომ საკრებულო არ არის პროკურატურა, ჩვენ არ ვართ პროკურორები და პროკურორის პასუხებით საზოგადოებას ვერ დაველაპარაკებით და ვერ ვეტყვით, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ აქ აგვირჩიეს იმისთვის, რომ დავსვათ კითხვები და როცა ვიღაც ემალება კითხვას, ვფიქრობ, რომ საუკეთესო პასუხი არის ის უხერხული, უმძიმესი სამარცხვინო დუმილი, რომელიც მერიის მხრიდან მოვისმინეთ," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარემ საბა ბუაძემ.

უმრავლესობა კი ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კახა კალაძე დეტალებზე ვერ ისაუბრებს და მას ერთ თვეში წლიური ანგარიშით ისედაც უწევს საკრებულოს წინაშე გამოსვლა.

"შემოგვივიდა თხოვნა ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ ჩატარებულიყო რიგგარეშე სხდომა და რიგგარეშე სხდომაზე მოგვესმინა მერის რიგგარეშე ანგარიში ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და მე მინდა კიდევ განვმეორდე, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს აქტიურ ფაზაში არის გამოძიება; გამომდინარე იქიდან, რომ არ მიგვაჩნია სწორად ამ ძალიან სენსიტიური საკითხის და ძალიან დიდი ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა; ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ და მიზანშეწონილად, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ყველა კითხვაზე არის და გაიცემა პასუხები, მიზანშეწონილად, რომ ეს სხდომა ჩვენ ამ პერიოდში ჩაგვეტარებინა," - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები