27 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, იურიდიულ კომიტეტს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებს წარუდგენს

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი იურიდიულ კომიტეტს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს წარუდგენს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ჯგუფმა, რომელიც უმრავლესობის, ოპოზიციის ნაწილის და არასამთავრობოებისგან შედგებოდა, 3 თვის განმავლობაში იმუშავა. ცვლილებები 6 მთავარი პუნქტისგან შედგება. მათ შორის უმჯობესდება მოსამართლის თანამდებობაზე პირის განწესების წესი:

"წარმოგიდგენთ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

1. დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი!

2. უმჯობესდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი; კერძოდ, დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასახელებულ მოსამართლეებს დანიშნავს დასაბუთებისა და გამჭვირვალობის იმავე მაღალი სტანდარტით, როგორც ეს გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურით.

3. დგინდება შეზღუდვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმართული პროცესის ფარგლებში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ, თუ საჩივრის განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა დაადგენს საბჭოს შესაბამისი წევრის მიკერძოებას.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება ეძლევა, კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება.

5. დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი

დღის ამბები