რუსეთს ზამთრის იმედი აქვს და უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს ,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
როგორც ბორელი ამბობს, რუსეთის პრეზიდენტი თავს ესხმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას რადგან მისმა ძალებმა ბრძოლის ველზე წარუმატებლობა განიცადეს. მან ქვეყნებს რუსული კომპანიებისადმი სანქციების დაწესების გაგრძელებისა და უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"პუტინის რუსეთი ანადგურებს უკრაინას. მათ არ შეუძლიათ მისი ოკუპაცია, ვერ გაიმარჯვებენ ბრძოლის ველზე, ვერ მოიგებენ ომს - და ისინი სისტემატურად ანგრევენ ქვეყანას. ზამთარი მოდის. პუტინი ელოდება "გენერალ ზამთარს", რომ მოვა და დაეხმარება რუსეთის ჯარს. უკრაინას, უკრაინელ ხალხს ახლა ყველაზე მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი. ისინი იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ გვაქვს მორალური მოვალეობა, მხარი დავუჭიროთ მათ,"- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.