2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 10.6 პროცენტი შეადგინა და სექტემბრის თვესთან შედარებით პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია. სამომხმარებლო ფასების ინდექსზე ოფიციალური მონაცემები დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით ოქტომბრის წლიურ ინფლაციაში შემცირებულია ტრანსპორტის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი.
ინფლაციას ებრძვის მსოფლიოს არაერთი ქვეყანა. წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ევროზონაში რეკორდული, ორნიშნა მაჩვენებელი - 10.7 მეათედი პროცენტი ფიქსირდება. 13 პროცენტს აჭარბებს სურსათზე ფასების ზრდა, ხოლო ენერგოპროდუქტებზე 41 მთელ 9 მეათედ პროცენტს გაუტოლდა. ინფლაციაზე, როგორც გლობალურ პრობლემაზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ რომ სწორი ეკონომიკური ნაბიჯებით საქართველოში ინფლაციის დონე ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ ნიშნულს.
დღეს გამოქვეყნებული მონაცემები შეესაბამება ეროვნული ბანკის პროგნოზს. მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, არსებობს მოლოდინი რომ 2023 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში ინფლაცია 3 პროცენტიან, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.
ინფლაციის ინდექსზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე საუბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსების განცხადებით რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომმა და კოვიდპანდემიიდან გამოწვეულმა სირთულეებმა, ამ მიმართულებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შეუქმნა პრობლემა. ამბობენ რომ საქართველოში ინფლაციის ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში შემცირდა, რაც სამომავლოდ პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით ინფლაციის დონე მაღალია როგორც ევროზონაში, ასევე მეზობელ სახელმწიფოებში. თურქეთში ინფლაცია 80 პროცენტამდე ავიდა, სომხეთში 10 პროცენტს გაუტოლდა, აზერბაიჯანში 13 და ბალტიის ქვეყნებში 20 პროცენტს გადააჭარბა.