მუნიციპალური სამსახური დანაშაულის ადგილად მას შემდეგ იქცა, რაც ლენტეხის მერიის შენობის მისამართით, მიჯრით რამდენიმე ტყვია გაისროლეს. სამიზნე - ცარიელი ოთახი, ქალაქის მერის კაბინეტი აღმოჩნდა. გია ონიანის სამუშაო სივრცეს ღამის საათებში ესროლეს.
შემთხვევის დროს მერი თბილისში იმყოფებოდა. გია ონიანი მომხდარის შემდეგ ჯერ მუნიციპალიტეტში დაბრუნდა, შემდეგ კი ლენტეხი ისე დატოვა, რომ არც მერიაში და არც სახლში გამოჩენილა. მან გამომძიებლების კითხვებს სავარაუდოდ უკვე უპასუხა.
სროლამ მერის სამუშაო ოთახში ცეცხლიც გააჩინა, დაიწვა კაბინეტის გარკვეული ნაწილი. ქალაქის ხელმძღვანელობას მომხდარის გამომწვევ მიზეზებსა და დანაშუალის ჩადენის სავარაუდო მოტივზე საუბარი უჭირს.
შენობას დანაშაულის კვალი ამ დრომდე ეტყობა. ტყვიებმა მინები და კედლები დააზიანა. დანაშაულის ადგილს ექსპერტ-კრიმინალისტები თითქმის 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში სწავლობდნენ. მერიამ მუშაობა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ განაახლა.
ვინ და რატომ ესროლა არასამუშაო საათებში მერიის შენობას - პასუხი ამ კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს.