გიორგი მამალძე საქართველოს წინააღმდეგ - თითქმის სამ წლიანი განხილვის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ მამალაძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსარჩელე მხარე სამ ეპიზოდზე დაობდა, ევროპულმა სასამართლომ კი თქვა, რომ მტკიცებულებების კუთხით კონვენცია არ დარღვეულა, თუმცა დაირღვა იმ ნაწილში, სადაც საუბარია სასამართლო პროცესების დახურულ რეჟიმში ჩატარებაზე. გარდა ამისა, სტრასბურგმა დარღვევად მიიჩნია ცალკეული საჯარო მოხელეების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმციის უგულებელყოფა. ევროსასამართლომ მიუთითა ისიც, რომ საქმეში ნატრიუმის ციანიდი ერთადერთი მტკიცებულება არ იყო.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პირად გამარჯვებად აღიქვამს ადვოკატი დავით ჯანდიერი, რომელიც ევრო-სასამართლოში სწორედ დეკანოზის ინტერესებს იცავდა. იურისტმა ევრო-სასამართლოს ვერდიქტი გამოცხადებიდან მალევე, მსჯავრდებულ მამალაძეს პენიტენციურ დაწესებულებაში პირადადაც გააცნო. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება ციანიდის საქმეში და რა სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს დეკანოზი - ამის შესახებ ადვოკატს დღეს დეტალურად არ უსაუბრია, თუმცა, განმარტა რატომ არ დააკისრა სტრასბურგმა საქართველოს მორალური ზიანის ანაზღაურება, მაშინ, როდესაც დეკანოზი კომპენსაციის სახით 800 000 ლარს ითხოვდა. სტრასბურგმა სახელმწიფოს მხოლოდ სასამართლოს ხარჯების, 9 000 ლარის ანაზღაურება მოსთხოვა.
ის, რასაც დეკანოზის ადვოკატი საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს, დანაშაულის საერთაშორისო დონეზე დადასტურებაა იუსტიციის სამინისტროსთვის, რომელიც ამ საქმეზე სტრასბურგში საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს იცავდა. უწყებაში ამბობენ, რომ ევროსასამართლოს საბოლოო ვერდიქტით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია პროკურატურის მიერ მოპოვებული ის მტკიცებულებები, რომლებზეც მათი თქმით, წლების განმავლობაში დაცვის მხარე აპელირებდა. იუსტიციის სამინისტროში დღეს სასამართლოს დახურვის და უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის ეპიზოდებსაც გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ეს ფორმალური ნაწილია, რასაც პირის ბრალეულობასთან კავშირი არ აქვს.
გადაწყვეტილებას ეხმაურებიან პროკურატურაშიც, უწყებაში განმარტეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებების უტყუარობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ეჭვქვეშ არც მისი ბრალეულობის საკითხი დააყენა.
დეკანოზის სარჩელზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ოფიციალური განცხადებით არ გამოხმაურებია საქართველოს საპატრიარქო, მედიასთან დღეს მხოლოდ მეუფე იაკობი გამოჩნდა.
კომენტარის გაკეთა, დაპირების მიუხედავად აღარ ისურვა მამალაძის ოჯახმაც. თავად სასულიერო პირი კი უკვე მეხუთე წელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. ის სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 12 თებერვალს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დეკანოზს, რომელიც გერმანიაში მიემგზავრებოდა, თან ჰქონდა მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი. სწორედ ამ დროს გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა ილია მეორე, მისი მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და რამდენიმე მაღალი რანგის სასულიერო პირი. დაკავებულ დეკანოზს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში წარუდგინეს. სასამართლომ მას 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.