27 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
"კანონიერი ქურდობა", "ქურდული სამყაროს" წევრობა და 55 000 ლარის გამოძალვა - საქმეში ფიგურირებს კრიმინალურ სამყაროში ცნობილი ლავასოღლის გვარიც

"კანონიერი ქურდობა", "ქურდული სამყაროს" წევრობა, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა და ქონების გამოძალვა - ერთ საქმეზე 4 პირია დაკავებული.

კიდევ ორს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 7 ტომიან საქმეში დევს ფარული აუდიო მასალაც, რომელზეც ქართველი ბიზნესმენისთვის 55 000 ლარის გამოძალვაა ასახული.
 
ასლან ქობულაძე, ჯუმბერ ბაირამიდი და მინდია გორაძე - სამივე კრიმინალური ავტორიტეტი პროცესებს გარედან მართავს. ციხეში კი, მათი კოორდინატორები ხვდებიან.
 
თანხა, რომელსაც ე.წ. კანონიერი ქურდი ითხოვდა, 55 000 ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ მასალაში, დაზარალებულსა და "ბონჩოს" შორის სატელეფონო საუბარი არაერთხელ შედგა, მასალაში ასევე კარგად ისმის, როგორ ინტერესდება სავარაუდოდ ბაირამიდი მოქალაქის უძრავი ქონებით.

ბაირამიდი წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს, ე.წ. კანონიერ ქურდს დაუსწრებლად ბრალი უკვე წარედგინა. მის წინააღმდეგ გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოში ბრალდებულ ბონჩოს უკვე ჰყავს ადვოკატი, მისი ინტერესების დამცველი დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.

ბრალდებულ ე.წ. კანონიერ ქურდს თანამოაზრეები ჰყავდა საქართველოშიც. გამოძიების ინფორმაციით, ისინი "ბონჩოსგან" კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ფინანსურ დავებს ქურდული გარჩევებით აგვარებდნენ. რობერტ ხვისტანი და სულხან ყურაშვილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, სწორედ ხვისტანი და ყურაშვილი ურჩევენ მოქალაქეს, ვინმე გიორგის, რომ თანხა დროულად მიიტანოს.

მინდია ლავასოღლის, "კურიერის" ინფორმაციით, ბონდო სართანია და გიორგი პაპიძე ესაუბრებიან. ისინი იღებდნენ კონკრეტულ მითითებებს და ცდილობდნენ ფინანსურ დავაში მონაწილე ორ პირს კონფლიქტი ე.წ. ქურდული გარჩევით გადაეჭრათ. ლავასოღლის გარდა ბრალდებულები ასევე ე.წ. კანონიერი ქურდის ასლან ქობულაძის, მეტსახელად ბაბუს ავტორიტეტსაც იყენებდნენ. შუამავლის როლს კი ზოგჯერ, გამოძიების ვერსიით, კრიმინალური ავტორიტეტი ავთანდილ თევდორაძეც ასრულებდა. ის საქართველოში არ იმყოფება და მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

დაკავებული ბონდო სართანიას პოზიცია ჯერ-ერობით უცნობია. "კურიერი" მასთან სახლში იმყოფებოდა, თუმცა არც მეზობლებს და არც მის ოჯახის წევრებს კამერებთან გამოჩენა არ სურთ. მასთან ერთად დაკავებული გიორგი პაპიძე კი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება, უარყოფს ე.წ. კანონიერ ქურდებთან კავშირს, თუმცა ფარულ ჩანაწერებში სავარაუდოდ, ლავასოღლის სწორედ პაპიძე ესაუბრება.

ყველა დაკავებულს ბრალი უკვე ოფიციალურად აქვს წარდგენილი, დეტალებზე განმარტება დღეს მთავარ პროკურატურაშიც გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები ქურდულ სამყაროსთან იყვნენ კავშირში და დანაშაულებრივი გზებით ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობდნენ.

დანაშაულები, რომლებიც, სავარაუდოდ დაკავებულებმა ჩაიდინეს, სასჯელის სახით 3-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები