ოკუპანტების იერიში უკრაინის ენერგოობიექტებზე გრძელდება. ღამის განმავლობაში რუსული არმია თავს დაესხა კრივოი როგის კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებს. კამიკაძე დრონებით დნეპროპეტროვსკის ოლქის რამდენიმე დასახლება დაბომბეს. შედეგად, მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
ანალოგიური სიტუაციაა ნიკოლაევის ოლქშიც. აგრესორმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან განახორციელა. კრიტიკულად მძიმე დაზიანება მიადგა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს და საბავშო ბაღის შენობასაც. მსხვერპლის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ცნობებს არ ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, მასშტაბური იერიში მიიტანეს უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონზე. საუბარია 18 რაკეტის გამოყენებაზე, რომელთაგან 12 საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, დანარჩენი 6 კი, ანტონოვსკის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ოკუპანტები ჯერჯერობით არ ავრცელებენ.
განსხვავებულია უკრაინის გენშტაბის მონაცემები. აქ აცხადებენ, რომ განადგურებულია მოწინააღმდეგის საზენიტო კომპლექსები - შეიარაღება, რომელსაც საოკუპაციო ძალა ნიკოლაევის დასაბომბად იყენებდა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მძიმე შეტაკებებია ბახმუტსა და ავდეევკაში. მიზანი სტრატეგიული პოზიციების დაკავებაა. თავდაცვის უწყება ამბობს, რომ საოკუპაციო ძალა იყენებს ავიაციას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და ნაღმტყორცნებს, თუმცა ამ დროისთვის ყველა შეტევა მოგერიებულია.