სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხეში ადვოკატმა გააცნო. დავით ჯანდიერმა სასჯელაღსრულების მე-18-ე დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი განცხადებით, სტრასბურგმა სამიდან ორი საკითხი დააკმაყოფილა.
ჯანდიერის თქმით, პალატამ დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.
"მე-6 მუხლი არის მხოლოდ პროცედურული ნაწილი, სხვა არაფერს არ ეხება მე-6 მუხლი, სასამართლო არ ამბობს ვინმე დამნაშავე არის თუ არ არის, ეს არის პროცედურა რამდენად იყო დაცული. სასამართლომ თქვა, რომ მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში ის ვერ უყურებს კონვენციის დარღვევას, რაც შეეხება პროცედურას იმ ნაწილში რაც უკავშირდება განხილვას, საჯაროობას სხდომის, გამოძიების ნაწილს, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმციასთან დაკავშირებით, - აქ თქვა რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი.
სასამართლო ხარჯები იქნა დაკმაყოფილებული, რაც შეეხება სხვა ნაწილს - მორალური ზიანი არ დაუკმაყოფილებია. როდესაც სასამართლო ამბობს, რომ კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, ის მიიჩნევს რომ კონვენციის დარღვეულად აღიარება საკმარისი საფუძველია და აღარ საჭიროებს თანხობრივი კომპენსაციის განსაზღვრას," - თქვა ჯანდიერმა.
შეფასება გააკეთა მეუფე იაკობმაც. ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ქართული სასამართლო დეკანოზის მიმართ სამართლიანი იყო.
"მე რაც წავიკითხე, იქ წერია, რომ სამართლიანი სასამართლოს შესახებ არაფერი დარღვეულა, ამიტომ, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგმა, ორივეს უნდა დაეთანხმო, ის, რომ სასამართლო სამართლიანი იყო მის მიმართ - უნდა აღიარო და ისიც, რომ რაც გადასახდელია უნდა გადაიხადო. მე ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ციხეში, გამოუშვან. მე რომ ოდნავ მაინც ეჭვი შემპარვოდა, რომ მართალი იყო, ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი მას," - აცხადებს ეპისკოპოსი.