27 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
მიუკერძოებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობა დემოკრატიული მომავლისთვის ცენტრალურია, ყველაფერი, რაც შეიძლება ჩანდეს პოლიტიზირებულად, ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში აყენებს - დეგნანი

აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს მედიამ შეფასება სთხოვა.

დიპლომატის თქმით, ყველაფერი, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, იყო ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერა უსაფრთხო, დემოკრატიული მომავლისთვის.

"თქვენ ყველამ ნახეთ შეერთებული შტატების მთავრობის განცხადება, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ბევრი სხვა ევროპელი მეგობრის განცხადება. ყველაფერი, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, იყო ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერა უსაფრთხო, აყვავებული, დემოკრატიული მომავლისთვის.

მიუკერძოებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობა ასეთი მომავლისთვის ცენტრალურია და ყველაფერი, რაც შეიძლება ჩანდეს პოლიტიზირებულად ან პოლიტიკურ დევნად, ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში აყენებს. ეს არის დაპირება, რომელიც საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ, მისცეს ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნებზე, რათა მიეღოთ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ. ყველაფერი, რაც ახლა ხელს უშლის ამას ან თუნდაც საფრთხეში აყენებს, დიდ შეშფოთებას იწვევს. შეერთებულ შტატებში ჩვენ ვიცავთ და ვაფასებთ ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. ეს არის ის, რაც მას აძლევს სიმტკიცეს და ძალას გაუძლოს დროის სხვადასხვა გამოწვევებსა და გამოცდას. იგივე გვსურს ქართველი ხალხისთვისაც," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები